ექიმ, პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ადვოკატის ვარაუდით, სასამართლოს სხდომა დღეს 9 დეკემბერს ან ხვალ გაიმართება.
ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო მარცხენა ჯიბეში, როგორ ჩაუდეს "რაღაც სახის ნივთიერება". დაკავებიდან მალევე პროტესტის ნიშნად ახობაძემ შიმშილობა გამოაცხადა.
ადვოკატმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და ის თავს ნორმალურად გრძნობს.
“ძლივს დავითანხმეთ მხოლოდ წყლის მიღებაზე. შიმშილობით ისევ შიმშილობს”, - ამბობს ცუცქირიძე.
გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს თამარ მეფის გამზირზე დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის 7 დეკემბერს გამართული პროევროპული აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
გიორგი ახობაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ადვოკატთან ახობაძემ მოჰყვა, რომ, დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.
8 დეკემბრის ღამით ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დააკავა ასევე აქტივისტი სანდრო ქინქლაძეც. მათ არ ეცვათ პოლიციელების ფორმა და ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქინქლაძის სასამართლო პროცესიც დღეს 9 დეკემბერს გაიმართება.
მეთერთმეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწლები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.