აშშ და ირანი ერთმანეთზე თავდასხმების შეჩერებასა და კატარში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე, მათ შორის ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს გამოცემა Axios-ი.
ზავი გასული კვირის ბოლოს დაირღვა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე ირანული დრონით შეტევას შეერთებულმა შტატებმა უპასუხა ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით, ირანის ძალებმა კი იერიში მიიტანეს ამერიკულ ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში. თეირანმა სატვირთო გემებზე თავდასხმა იმით ახსნა, რომ მის მიერ დადგენილ მარშრუტს გადაუხვიეს.
Axios-ის წყაროთა თანახმად, აშშ-ის და ირანის წარმომადგენლები 30 ივნისს კატარში გეგმავენ შეხვედრას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად. ამჟამად სრუტე ნაწილობრივ გახსნილია და ირანის თანახმად, სატვირთო გემებს მოძრობა შეუძლიათ მხოლოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ დადგენილი მარშრუტებით. აშშ თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას მოითხოვს.
17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. ის ითვალისწინებს:
- საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანში, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.
- რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის რეალიზაციის მიზნით, 21 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის, ირანის და შუამავალი პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით.
22 ივნისს პაკისტანმა და კატარმა განაცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კავშირის არხის შექმნაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება.
საშუამავლო პროცესზე მეთვალყურეობის მიზნით შექმნილმა მაღალი დონის კომიტეტმა შეათანხმა „საგზაო რუკა“ 60 დღის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·