რუსეთში მუშაობას ასრულებს და მოსკოვს ტოვებს ამერიკელი დიპლომატი, ელჩი ლინ ტრეისი, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატების საელჩოს.
ინფორმაცია საელჩოს ტელეგრამ-არხზე დღეს, 27 ივნისს გამოქვეყნდა.
საელჩო ტრეისის ხელმძღვანელობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მის საქმიანობას გამოარჩევდა ღიაობა, პატიოსნება და რწმენა, რომ რთულ დროსაც კი მნიშვნელოვანია გააზრებული დიალოგი.
თავად ლინ ტრეისის განცხადებით, ამაყობს, რომ თავის ქვეყანას მოსკოვში წარმოადგენდა რთულ დროს და იცის, რომ რუსეთიდან მისი გამგზავრების შემდეგ კოლეგები განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუს ხალხთან კავშირების მხარდასაჭერად.
ტრესის თქმით, ის შთაგონებულია შეხვედრებით რუსებთან, რომლებსაც თავისი ქვეყანა უყვართ და ყოველდღიურად მუშაობენ უკეთესი მომავლისთვის. ამერიკელი დიპლომატი დამშვიდობებას ასრულებს სტროფით პუშკინის ლექსიდან „ჩაადაევს".
ლინ ტრეისი რუსეთში აშშ-ის პირველი ქალი ელჩი იყო.
2025 წლის თებერვალში რუსული მედია წერდა, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს. ის 2012-2015 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.