G7-ის ქვეყნების ლიდერები ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან (IEA) კოორდინაციით შეთანხმდნენ, სტრატეგიული მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გამოყონ. მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ნათქვამია G7-ის ერთობლივ განცხადებაში. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზელის საწვავის დეფიციტს. დიზელის მნიშვნელოვანი მოცულობის გამოთავისუფლება პირველი 20 დღის განმავლობაში იგეგმება. უახლოეს დღეებში G7-ის ქვეყნები IEA-ს ფარგლებში ასევე განიხილავენ რეზერვებიდან დიზელის დამატებითი მიწოდების შესაძლებლობას. IEA-ს დაევალა მიღებული ზომების შედეგების შეფასება და პირველი ანგარიშის წარდგენა 20 დღის ვადაში.
გარდა ამისა, G7-ის მონაწილეებმა იკისრეს ვალდებულება, არ დააწესონ ენერგორესურსების ექსპორტის შეზღუდვები ერთმანეთის წინააღმდეგ და სხვა მწარმოებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი აკრძალვებისგან, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე დაძაბულობის გაზრდა შეუძლია.
მანამდე, 29 სექტემბერს, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 40 მილიონ ბარელამდე ნავთობს გამოყოფს. როგორც Reuters-ი იუწყებოდა წყაროებზე დაყრდნობით, მოგვიანებით აშშ-მა საფრანგეთსა და გერმანიას მოსთხოვა, გლობალური ფასების შემცირების მიზნით დიზელის საწვავის საგანგებო მარაგების გამოყენება დაიწყონ.
მარტში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) 32-მა წევრმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას სტრატეგიული მარაგებიდან რეკორდული 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფაზე, ირანში ომის გამო ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდასთან საბრძოლველად. ამასთან, მიწოდების ძირითად ნაწილს აშშ უზრუნველყოფს.
radiotavisupleba ახალი ამბები