საქართველოში გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“.
საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდია:
- კონრად ადენაუერის ფონდი - აფილირებული „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU);
- ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - აფილირებული „გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთამ (FDP);
- ჰაინრიხ ბიოლის ფონდი - აფილირებული „მწვანეებთან“;
- ფრიდრიხ ებერტის ფონდი - აფილირებული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ (SPD).
მათგან ორმა, - ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, - პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოსი ოფისები დახურეს.
ელჩი ოთხივე ფონდზე საუბრობს
2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კი გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა განაცხადა:
„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“.
მანაც ახსენა, რომ ამ ოთხიდან ორს „ოფისების დახურვა ორი დღის წინ მოუწიათ“.
„აისახება ევროკავშირთან ურთიერთობებზე“
ელჩმა განაცხადა, რომ „ეს მოვლენები ასევე აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.
მან ასევე თქვა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება მისი ელჩობისას პრიორიტეტი იქნება:
„მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად გავწევ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად შენარჩუნოთ ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის ნაშენები“ - განაცხადა მან.
ელჩმა ფოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნივერსიტეტების წინაშე არსებულ ვითარებაზე და გამოყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც, მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში „საქართველოს ყველაზე ცნობილ საერთაშორისო დონის უნივერსიტეტად“ იქცა.
მან განაცხადა, რომ უნივერსიტეტი, რომელმაც დიდი ფინანსური რესურსები მიიღო, განსაკუთრებით გერმანიისგან, და კვლევების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიასთან, ახლა „თავად დგას გაქრობის საფრთხის წინაშე“.
რას ამბობს თბილისი
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა, - როდესაც ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლაზე საუბრობდა, - თქვა, რომ ფონდს „პოლიტიკური მისიის შესრულების საშუალება“ არ მიეცათ.
„სხვა ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ, მე მგონი.... რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ფონდები პარტიებთანაა აფილირებული, თუმცა სამართლებრივად და ორგანიზაციულად მათგან დამოუკიდებელია, - ისევე, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობისაგან.
ოთხივე ამ ფონდს 2022 წელს რუსეთის ფედერაციამ საქმიანობა აუკრძალა, მოგვიანებით კი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა თქვეს, რომ მთავრობამ „გრანტების კანონით“ პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დაუკმაყოფილა.
- 2025 წლის 20 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
- ეს ცვლილებები, - სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის „აგენტების კანონთან“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ) და „FARA-ს ქართულ ანალოგთან“ ერთად, - ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.
- საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები 2024 წლიდან მნიშვნელოვნად გაუარესდა.
radiotavisupleba ახალი ამბები