აშშ-ის საელჩო ეხმაურება "ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ და "სრულიად მცდარს" უწოდებს მას.
"ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - წერია საელჩოს განცხადებაში.
მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან განსხვავდება. იგი იმედოვნებს, რომ "ეს ძალიან მალე გასწორდება".
"ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რა ხდება ქუჩაში.
თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში", - აცხადებს მდინარაძე.
ბიძინა ივანიშვილს სანქციები აშშ-მა გასული წლის 27 დეკემბერს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისთვის ხელის შეშლისთვის დაუწესა.