WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები, საქართველოს შემდეგ, მეზობელ აზერბაიჯანშიც შეწყდა.

რეგიონის ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, თეირანი იმუქრება, რომ მეზობლების „აეროპორტები ვერ იმუშავებენ“.

ბაქოს პოზიცია

სახელმწიფო კომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ 23 სექტემბერს განაცხადა:

„აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის, კერძოდ კი საავიაციო სექტორზე მიმართული სანქციების გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2026 წლის 22 სექტემბრიდან შეჩერდეს ირანული ავიაკომპანიების მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელებული ფრენები“.

მსგავსი გადაწყვეტილება 21 სექტემბერს მიიღო თურქეთმაც - ანკარის თანახმად, შეზღუდვა 2027 წლის მარტამდე იქნება ძალაში.

ასე მოიქცნენ ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ერაყი და ომანი.

ფრენები 21 სექტემბრიდან შეწყდა საქართველოშიც

  • საქართველოში სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები 21 სექტემბრიდან შეწყდა;
  • აშშ-მა სანქციები 2026 წლის 8 სექტემბერს დააწესა;
  • 10 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს;
  • საქართველოში ირანის საელჩომ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა - ელჩმა ალი მოჯანიმ ფეისბუკზე კომენტარში ასევე დაწერა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი (ირანული კომპანიების შეზღუდვა) „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.

ირანის მუქარა

მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აღესრულებინათ ამერიკული სანქციები, ოფიციალური თეირანი მწვავე კრიტიკით შეხვდა.

23 სექტემბერს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ ირანის მეზობელი ქვეყნები „მეგობრებად, ძმებად და მეზობლებად“ მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი უყურადღებოდ არ დატოვებს მათ ქმედებებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობით ირანული ფრენებისა და ტრანზიტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„თუ შეერთებული შტატების გვერდით დადგებით, ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით“, - განაცხადა მან.

ის დაიმუქრა, რომ თუ ვაშინგტონთან თანამშრომლობის შედეგად ირანულ ფრენებს აკრძალვა შეეხება, მათ აეროპორტებშიც არცერთი რეისი აღარ შესრულდება.

„ირანი უზრუნველყოფს, რომ მათმა აეროპორტებმა ფუნქციონირება ვეღარ შეძლონ“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.