აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ

1 day ago 2
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა. წყარო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს გლობალური მაგნიტსკის აქცის ფარგლებში სანქციები დააკისრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ის დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან“. სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუსახელებია დასანქცირებული პირები.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა