ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას.
კერძოდ, სამშაბათს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 27 ირანულ ავიაკომპანიას, ასევე თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც Mahan Air-ს დაეხმარნენ ამ ზაფხულს მინიმუმ სამი Boeing B-777 თვითმფრინავის მოპოვებაში. Mahan Air-ს აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან სანქციები ისედაც ჰქონდა დაწესებული. ამასთან, ახალი ზომები ყველა სხვა ირანულ ავიაკომპანიაზეც გავრცელდა. სანქციები ასევე შეეხო ფარულ კომპანიებს, სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიმწოდებლებს, უცხოელ შუამავლებსა და საქონლის გადაზიდვის დამალვის მიზნით გამოყენებულ მოტყუებით მარშრუტებს, რომელთა საშუალებითაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანი აშშ-ში წარმოებულ თვითმფრინავებსა და მგრძნობიარე ტექნოლოგიებს იძენს.
სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსურ ინსტიტუტებს დაავალა, შეატყობინონ ირანის საავიაციო ინდუსტრიის მხარდამჭერი ნებისმიერი შესყიდვის ქსელის შესახებ. ამასთან, სანქციები დაუწესდა თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მალაიზიასა და ყაზახეთში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც, აშშ-ის განცხადებით, ეხმარებოდნენ ირანულ ავიაკომპანიებს ოპერირებაში და თეირანს აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავებისა და მგრძნობიარე ტექნოლოგიების შეძენაში.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ნებისმიერი უცხოური ფირმა თუ ფიზიკური პირი, ვინც ხელს შეუწყოსბ სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებს, მათ შორის საჰაერო ხომალდების გადაცემის, ტვირთების გადაზიდვის მომსახურებისა თუ გენერალური გაყიდვების აგენტების მხარდაჭერის გზით, სერიოზულ პასუხს მიიღებს.
ახალი სანქციები ეხება 27 ირანულ ავიაკომპანიას:
- Air Shiraz
- Asa Jet Airline
- Ata Airlines Company
- Atlas Aviation Group
- Ava Airlines
- Chabahar Airlines Company
- Erwan Airline Company
- Fly Kish Airlines
- Fly Persia Airlines
- Iran Air Tour
- Iran Aseman Airlines
- Jsky Airlines
- Kish Airlines
- Karun Airlines Company
- Lad Airways
- Mehr Airways
- Nasim Air
- Pars Oghyanous Kish Company
- Qeshm Air
- Raimon Airways
- Saha Airlines
- Sepehran Airlines
- Soroush Air
- Taban Airlines
- Toos Airlines
- Varesh Airlines
- Zagros Airlines
აქედან, რამდენიმე ევიაკომპანია (Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines, Fly Kish Airlines) რეისებს ასრულებს საქართველოშიც.
„ნეტგაზეთმა“ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ოპერირება საქართველოში. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
netgazeti