აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში შესვლის უფლება. მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამმა მედიასაშუალებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მათი აკრედიტაციების გაუქმება გაასაჩივრა.
აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ტიმოთი კელიმ 24 სექტემბერს გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში მუდმივი შესვლის პრესაკრედიტაციები – ე. წ. hard pass-ები. სასამართლოს გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში მოქმედებს, სანამ საქმე გაგრძელდება და სასამართლო უფრო ხანგრძლივ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
როგორ დაიწყო დავა
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა აეკრძალებოდათ.
ტრამპმა მათი საქმიანობა გააკრიტიკა, მედიასაშუალებებს „ყალბი ამბების“ გავრცელებაში დასდო ბრალი და აკრძალვა ამით გაამართლა. ამის შემდეგ სამივე ორგანიზაციის ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლისას აკრედიტაციები ჩამოართვეს.
CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი იურისტების პოზიციით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმება არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, ასევე, მეხუთე შესწორებით გარანტირებულ სათანადო სამართლებრივი პროცედურის უფლებას.
მედიასაშუალებები განსაკუთრებით მიუთითებდნენ იმაზე, რომ ჟურნალისტები აკრედიტაციების გაუქმებამდე არ გააფრთხილეს და აკრედიტაციის ჩამორთმევამდე მათ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
რას ამბობს მოსამართლე
მოსამართლე კელის შეფასებით, სამივე მედიასაშუალებას აქვს საფუძველი იდავოს, რომ მათ საქმეზე სამართლებრივი პროცედურის უფლება დაირღვა.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ თეთრმა სახლმა აკრედიტაციების გაუქმების მიზეზების განმარტების წერილები მედიასაშუალებებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუგზავნა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს იმ სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებიც ჟურნალისტისთვის თეთრ სახლში შესვლის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში მოქმედებს.
კელის თქმით, წინა სასამართლო საქმეები მიუთითებს, რომ ჟურნალისტის თეთრ სახლში შესვლის უფლების გაუქმებას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა უნდა ახლდეს. მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ასეთი პროცედურა სრულად არ ყოფილა დაცული.
Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტი. მოსამართლე კელის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილ მასალებში არ იკვეთება საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში შესვლის აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი.
ადმინისტრაციის პოზიცია
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის შესვლა აბსოლუტური უფლება არ არის და პრეზიდენტს მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვის უფლებამოსილება აქვს.
იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, აკრედიტაციების გაუქმების მიზეზი მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მასალების გავრცელება და ჟურნალისტების მიერ პროფესიული სტანდარტებისა და ქცევის წესების დარღვევა გახდა. ადმინისტრაციამ სასამართლოში ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლში ჟურნალისტების დაშვება პრივილეგიაა და არა გარანტირებული უფლება.
თეთრმა სახლმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს წერილებიც გაუგზავნა, რომლებშიც აკრედიტაციების გაუქმების საფუძვლად კონკრეტულ მასალებსა და მათ გაშუქებას ასახელებდა. მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ ამ განმარტებების ნაწილი ადმინისტრაციამ მედიაგამოცემებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გუგზავნა და ზოგიერთი დასახელებული ჟურნალისტური მასალა რამდენიმე თვის წინათ იყო გამოქვეყნებული.
ჟურნალისტები თეთრ სახლში დაბრუნდნენ
სასამართლოს გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პრაქტიკული შედეგი. CBS News-ის ინფორმაციით, თავდაპირველად, 24 სექტემბრის დილას სამივე მედიასაშუალების ჟურნალისტებს კვლავ უარი უთხრეს თეთრ სახლში შესვლაზე, რის გამოც მათი იურისტები სასამართლოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი CNN-ისა და MS NOW-ის ჟურნალისტებმა კვლავ შეძლეს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა და მუშაობა, Politico-მაც დაადასტურა თავისი ჟურნალისტის დაბრუნება.
თეთრი სახლის პრესოპერაციების ხელმძღვანელმა მიკა სტოპერიჩმა სასამართლოს აცნობა, რომ ადმინისტრაციამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების აღდგენის პროცესი დილიდანვე დაიწყო. მოგვიანებით საიდუმლო სამსახურმა დაადასტურა, რომ შესაბამისი პრესბეიჯები ხელახლა გააქტიურდა.
სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა
მოსამართლის გადაწყვეტილება საბოლოო განაჩენს არ წარმოადგენს – დროებითი ორდერი 14 დღის განმავლობაში მოქმედებს, ამ პერიოდში კი სასამართლო გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა დაცვის ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ვადით.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შესაბამისად, დავა შესაძლოა უფრო მაღალ ინსტანციაშიც გაგრძელდეს.
ნანა ძნელაძე
nostal.ge ახალი ამბები