პარასკევს ღამით, 26 სექტემბერს, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 173 მოიერიშე დრონით, მათ შორის რეაქტიული დრონებით - იუწყებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები. მოხერხდა 134 სამიზნის ჩამოგდება. დაფიქსირდა 19 მოხვედრა, ხოლო რვა ადგილას დაეცა ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები.
კიევის სოლომენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საოფისე შენობას - იუწყება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხი. ასევე იტყობინებიან ხანძრის შესახებ ობოლონის რაიონში, სადაც, ხელისუფლების მონაცემებით, იწვის სასწყობო შენობა და დაშავდა ერთი ადამიანი.
მოგვიანებით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა რეაქტიული დრონის ჩამოვარდნის შესახებ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის შედეგადაც ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ევაკუირებულია 20 ადამიანი, ოთხი დაშავდა.
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა: რუსეთის დრონმა დაანგრია კერძო სახლი, ნანგრევებში დაიღუპა ორი ქალი, დაშავდნენ 38 წლის მამაკაცი და 3 წლის ბიჭი. გარდა ამისა, დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ზაპოროჟიეს ცენტრალურ ბაზარში.
ხარკოვში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. „სალტოვის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაშავდნენ 37 წლის ქალი, 44 წლის მამაკაცი, 53 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალი. ყველას უტარდება სამედიცინო დახმარება“, დაწერა მან. ასევე დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანას.
ოდესის ოლქში საავტომობილო გზაზე დარტყმისას სამი ადამიანი დაშავდა - იუწყებიან საოლქო ადმინისტრაციაში. დაზიანდა სამი სატვირთო ავტომობილი.
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ღამით რუსეთის თავდასხმის შედეგად დაინგრა ცხრასართულიანი სახლი. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი, ასევე დაზიანდა კერძო სახლები და ავტომობილი. ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ორმა მიიღო ჭრილობები დრუჟკოვკის დაბომბვისას. კიდევ ორ-ორი დაშავებულია კრამატორსკსა და იასნოგორკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევში თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა მონაცემთა ცენტრი „კოსმონოვა“, რომელიც, უწყების ვარაუდით, უზრუნველყოფს Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემების მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის. ოდესასა და ოდესის ოლქში, რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, დარტყმები მიაყენეს საპორტო პუნქტს ვილკოვოში, საავტომობილო ხიდს მაიაკიში, ლოგისტიკურ ცენტრ „ნოვა პოშტასა“ და მშრალი ტვირთების გემს შავი ზღვის აკვატორიაში.
radiotavisupleba ახალი ამბები