WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დარგის მთლიანმა გამოშვებამ 2025 წელს 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია.

მანვე სექტორის მიერ შექმნილ მშპ-სა და დასაქმებულთა რაოდენობაზეც ისაუბრა: „გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია.  სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა.“

რა არის და როგორ შეიცვალა აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება?

მის მიერ დასახელებული 20 მლრდ აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება პირველადი და გადამამუშავებელი პროდუქციის წარმოებას აერთიანებს. საქსტატი აღნიშნულ მონაცემს ცალკე არ აქვეყნებს. კონსოლიდირებული ანგარიში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სამინისტროს ანგარიშში აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 2024 წლის მონაცემებითაა დათვლილი. 2025 წლის სტატისტიკა წინასწარ მონაცემებს ასახავს.

2012-2025 წლებში, თუ 2025 წლის შემთხვევაში წინასწარ მონაცემებს მივიღებთ მხედველობაში, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება ნომინალურად 7.6-დან 19.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

7.6-დან 19.8-მდე ზრდა 2.6-ჯერ ზრდაა, მაგრამ აქ ინფლაციაა გასათვალისწინებელი. სამომხმარებლო ფასები 13 წელიწადში 73%-ით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს შემდეგს: თუ ყველაფერს 2012 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით, ზრდა 7.6-დან 11.4 მლრდ-მდე იქნება. ანუ რეალური ზრდა 50% ყოფილა და არა 160%.

რა როგორ შეიცვალა ამ პერიოდში? სოფლის მეურნეობისა და სატყეო გამოშვების მოცულობა ნომინალურად 4.3-ჯერ 234-დან 998 მლრდ-მდე გაიზარდა, ბრუნვა 4.8-ჯერ 205-დან 987 მლნ-მდე. (ბრუნვა აგრობიზნესის მთლიანი გამოშვებაში არ შედის, თუმცა მისი ზრდა მთლიან სურათზე დამატებით ინფორმაციას იძლევა).

სოფლის მეურნეობის გამოშვება და ბრუნვა (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკზე მოცემული სტატისტიკა მხოლოდ ოფიციალურ რეგისტრირებულ საწარმოების მონაცემებს ასახავს და მათაც არასრულად. თუ მათ მცირე საწარმოებსა და შინამეურნეობებსაც დავუმატებთ დასახელებული რიცხვი 1 მლრდ ლრი მკვეთრად, 8.4 მლრდ-მდე იზრდება ესაა ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მონაცემის პირველი ნაწილი – პირველადი აგრობიზნესის გამოშვება, რომელიც 2012-დან 2025 წლამდე ნომინალურად 2.6-ჯერ 3.3-დან 8.4 მლრდ0მდე გაიზარდა, 2012 წლის ფასებში დათვლით კი 1.5-ჯერ 3.3-დან 4.9 მლრდ-მდე.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი გამოშვება (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აგროვაჭრობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარეო ვაჭრობაა ვაჭრობაა. 2012 წელს აგროექსპორტმა 511 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წელს 1.845 მლრდ დოლარი.

ბოლო 13 წელიწადში სოფლის მეურნეობის სექტორში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა. 2012 წელს იმპორტი ექსპორტს 3.6-ჯერ აღემატებოდა, 2025 წელს 2.1-ჯერ. 2012 წელს აგროსფეროში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 57%-ს შეადგენდა, 2025 წელს 35%-ს.

აგროექსპორტში ნომინალური ზრდიდან $400 მლნ ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე მოდის, კიდევ $90 მლნ თხილსა და კაკალზე.

აგროპროდუქციით ვაჭრობა (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აგროწარმოება ნატურალური ფორმით

თანხობრივად ყველა მიმართულებით ცალსახა ზრდა ფიქსირდება, მაგრამ საინტერესო იქნება იმის გაგებაც თუ როგორ შეიცვალა მდგომარეობა ნატურალურ გამოხატულებაში. კერძოდ რა იყო ერთწლიანი თუ მრავალწლიანი ნათესი ფართობი 2012 წელს და რა 2025 წელს, რა იყო პირუტყვის სულადობა, რძის, ხორცის, კვერცხისა თუ თაფლის წარმოება.

მემცენარეობა

ერთწლიანი კულტურებიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქერისა და ხორბლის მოსავლიანობა, სიმინდის, ლობიოსა და მზესუმზირასი კი ძშემცირებულია. მთლიანობაში ერთწლიანი ნათესი კულტურების ფართობი 26%-ით 260-დან 192 ათას ჰა-მდეა შემცირებული.

ერთწლიანი კულტურები (ათასი ტონა)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მრავალწლიანი კულტურებიდან ყველაზე დიდი ზრდა ყურძნის მიმართულებით ფიქსირდება. (კენკროვან ხილში მაღალი პროცენტული ზრდა საბაზრო პერიოდითაა გამოწვეული). ყურძნის გარდა, თესლოვან, კურკოვან და კაკლოვან ხილშიც ზრდა ფიქსირდება, ციტრუსებსა და სუბტროპიკულ ხილში კი კლება.

მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში ნათეს ფართობად მხოლოდ 2017 და 2020 წლების მონაცემები იძებნება. ამ პერიოდში ფიქსირდება მცირე ზრდა 121 ათასიდან 128 ათას ჰა-მდე.

მრავალწლიანი კულტურები (ათასი ტონა)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მეცხოველეობა

მეცხოველეობაში, ფრინველის გარდა ყველგან კლება აღინიშნება. შემცირებულია როგორც მსხვილფეხა რქოსნის, აგრეთვე ღორის, ცხვრისა და ფუტკრის სულადობა

პირუტყვის/ფრინველის სულადობა (ათასი სული)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად ხორცის წარმოება გაორმაგებულია. რძის წარმოებაშიც მხოლოდ 6%-ია კლება.

აგროწარმოება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შემცირებული ნათესი ფართობის პირობებში, მოსავლიანობის ზრდა და შემცირებული პირუტყვის სულადობის პირობებში, ხორცის წარმოების ზრდა, ეფექტიანობის ზრდას ნიშნავს. ფურისა და ფურკამეჩის წველადობა 37%-ით 1256-დან 1716 ლიტრამდეა გაზრდილი. ეფექტიანობის ზრდა პოზიტიურ მოვლენად უნდა შეფასდეს.

აგროსექტორის წილი მშპ-სა და დასაქმებაში

ირაკლი კობახიძის განცხადება დარგის მიერ ფორმირებულ მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებელსაც ეხებოდა.

2025 წელს, 2012 წელთან შედარებით სოფლად მცხოვრებთა წილი 5.3 პროცენტული პუნქტით 43.1%-დან 37.8%-მდე იყო შემცირებული, რაც რაოდენობრივად 125 000-იან კლებას უდრის 1.610 მლნ-დან 1.485 მლნ-მდე.

აგროსექტორის წილი მშპ-ში

2012 წელს სოფლის მეურნეობა ნომინალურად ₾2.4 მლრდ-ის მშპ-ს აგენერირებდა, 2025 წელს ₾5.4 მლრდ-ს. თუ მას 2019 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით ზრდა ₾3.1-დან ₾4 მლრდ-მდე იქნება.

ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ასახავს. მასში სულ 305 დასახელების, ძირითადად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი და მომსახურებაა შესული. რეალური მშპ-ს დათვლისას კი უფრო ზუსტი დეფლატორის გამოყენებაა. დეფლატორი სხვა ისეთი მსხვილი დანახარჯების ფასების ცვლილებასაც ითვალისწინებს, რომელსაც ინფლაცია არ ითვლის. საქსტატს მშპ 2019 წლის მუდმივ ფასებში აქვს დათვლილი.

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2012 წელს 9.6%-ს შეადგენდა, 2025 წელს 5.9%-ს. ზოგადად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის 5.9%-ს მაღალია და იშვიათად აღემატება 3%-ს, უმეტეს შემთხვევაში კი 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს მთლიანი დარგის მოცულობის სიმცირეს არ ნიშნავს, პირიქით 1 ჰექტარ მიწაზე მოსავლიანობა უფრო მაღალია, მაგრამ ასეთ ქვეყნებში სხვა დარგები: წარმოება და მომსახურებაა კიდევ უფრო მეტად განვითარებული.

სოფლის მეურნეობის მიერ გენერირებული მშპ (მლნ.ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სოფლად დასაქმების მაჩვენებელი

ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება დასაქმების მაჩვენებლის სტატისტიკაც. 2025 წელს სოფლად ოფიციალურად 577 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და უმუშევრობა 11.2%-ს შეადგენდა.

ოფიციალური რიცხვების გარდა, სრული სურათისთვის დეტალები უმნიშვნელოვანესია და მათი უგულებელყოფა არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი შეიძლება გახდეს. უმუშევრობის დათვლისას მეთოდოლოგიაა გასათვალისწინებელი. ოფიციალურად სოფლად უმუშევრობა 11.2%-ს შეადგენს, ქალაქად 15.7%-ს. ამის საპირისპიროდ შიდა მიგრაცია სოფლიდან ქალაქადაა და არა ქალაქიდან სოფლად. სოფელში მცირემიწიანი გლეხიც კი, თუ მოსავლის ნახევარზე მეტის რეალიზაციას ახდენს დასაქმებულად ითვლება. ასეთ პირობებში სულ რომ მხოლოდ 1 ტონა ყურძენი ჩააბაროს გლეხმა, ის დასაქმებულად ჩაითვლება.

2010 წლამდე ნებისმიერი მცირე ოჯახური მეურნეობის წევრი ითვლებოდა დასაქმებულად ისიც კი ვისაც ბოსტანში რამდენიმე კგ პომიდორი მოჰყავდა და რამდენიმე ქათამი ჰყავდა. სწორედ ასეთი მეთოდოლოგიური ცვლილების შემდეგ, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ფორმალურად სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასიდან 504 ათასამდე შემცირდა და უმუშევრობა 7.6%-დან 23.5%-მდე გაიზარდა. დღეს მეთოდოლოგია გაუმჯობესებულია, მაგრამ რეალობას მაინც არ ასახავს. ყველასთვის ცხადი რეალობა ისაა, რომ სოფლად ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მძიმეა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა 577 ათასია, მაგრამ მათგან უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო სექტორში, ნახევარზე ნაკლები – 218 ათასი ადამიანი მუშაობს. ამ შემთხვევაში სიმცირე ნაკლი არაა. მშპ-ის წილის მსგავსად, განვითარებულ ქვეყნებში, აგროსექტორი ნაკლებ ადამიანს ასაქმებს. ნაკლები ადამიანი, უახლესი ტექნოლოგიით მეტ შედეგს უნდა იღებდეს. წინა წლების მსგავსად, შემდგომ წლებშიც, სხვა სექტორებში გადასვლის ხარჯზე აგროსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის კლება და მშპ-ის ფორმირებაში აგროსექტორის წილის კლებაა მოსალოდნელი, თავად აგროსექტორის მოცულობის ზრდის პარალელურად. ძალიან მაღალი ალბათობით, ურბანიზაციის ზრდის ხარჯზე, სოფლად მცხოვრებთა რაოდენობაც შემცირდება.

სუბსიდირების ეფექტი და მანიპულირებით დაკორექტირებული რეალობა

წარმოების ზრდაზე საუბრისას არც სუბსიდიის ფაქტორია დასავიწყებელი. ყურძნის სუბსიდირებაზე ბოლო 13 წელიწადში 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს გადასახადის გადამხდელთა ფული იყო, რომელიც სახელმწიფომ იძულების წესით ამოიღო და საკუთარ შეხედულებისამებრ განკარგა.

რა შეიძლება ითქვას მთლიანობაში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე? მის მიერ დასახელებული თითოეული რიცხვი ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დამატებითი განმარტებების გარეშე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აგროწარმოება ბოლო 13 წელიწადში 150%-ით გაიზარდა, როცა რეალური ზრდა ინფლაციისა და მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-ის გათვალისწინებით 30-50 პროცენტს შეადგენდა. 30%-ით სოფლის მეურნეობის მიერ გენერირებული მშპ გაიზარდა, 50%-ით აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება.