აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა. მოსალოდნელია, რომ პროცენტებთან ერთად, ჯამური თანხა 400 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
რას ეხება დავა და როგორ მოხვდა ის ამერიკულ სასამართლოში?
კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. აშშ-ის სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
ამის შემდეგ „ენკამ“ აშშ-ში კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა და პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. იმ კომპენსაციასთან ერთად, რომელიც არბიტრაჟმა საქართველოს დააკისრა, კომპანია გადაცილებულ დღეებზე პროცენტის დარიცხვასაც ითხოვდა.
ანუ საქმე, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებული იყო ნომრით 25-cv-00125 (APM), წარმოადგენს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.
ნიუ-იორკის კონვენციის საფუძველზე, “ენკამ” აშშ-ის სასამართლოს მიმართა, რათა საქართველოს მთავრობისგან კუთვნილი თანხა იძულების წესით ამოეღო. მიუხედავად ქართული მხარის მრავალმხრივი სამართლებრივი მცდელობისა, საქმე შეეჩერებინა ან გაეუქმებინა, აშშ-ის სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და საქმეზე მსჯელობა დაიწყო.
დავა სათავეს იღებს ხელშეკრულებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობასა და “ენკას” შორის გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის აშენებას ისახავდა მიზნად რიონის ხეობაში.
თუმცა, პროექტის განხორციელება მუდმივად ფერხდებოდა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის გამო, რომელიც გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს უკავშირდებოდა.
ვითარების ესკალაციის შემდეგ, “ენკამ” ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. კომპანიის მტკიცებით, საქართველომ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ვერ უზრუნველყო პროექტის ტერიტორიაზე კომპანიის შეუფერხებელი წვდომა.
ამერიკელი მოსამართლის შეფასებით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, “ენკამ” შექმნილი აქტივები საქართველოს გადასცა სამართლიანი საბაზრო ღირებულებით. თუმცა, საქართველო არ დაეთანხმა შეფასებას და უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რითაც უარყო ვალდებულებების დარღვევის ფაქტიც.
“ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქართველომ უხეშად დაარღვია ხელშეკრულება… და ვალდებულია გადაუხადოს ენკას პროექტის აქტივების სამართლიანი საბაზრო ღირებულება”, – ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო სასამართლომ პარიზში პროცესი 2022 წლის მაისში დაიწყო. ორწლიანი განხილვის შემდეგ, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქართველოს ქმედებები წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით დარღვევას. შესაბამისად, “ენკას” მიენიჭა უფლება, მიეღო აქტივების სრული საფასური, ანუ დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი, პლუს საპროცენტო სარგებელი (აშშ-ის ფედერალური რეზერვის SOFR ინდექსს დამატებული 4%).
2025 წლის იანვარში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, თუმცა “ენკამ” პარალელურად დაიწყო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები შეერთებულ შტატებში.
რა იყო საქართველოს დაცვის სტრატეგია სასამართლოში?
აშშ-ის სასამართლოში საქართველომ რამდენიმე არგუმენტი წარადგინა პროცესის შესაჩერებლად. საქართველომ მოითხოვა საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ აშშ არ იყო შესაფერისი იურისდიქცია. სასამართლომ ეს არ გაიზიარა, განაცხადა რა, რომ პრეცედენტული სამართლის მიხედვით, უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებისას ეს დოქტრინა არ მოქმედებს. საქართველომ მოითხოვა საქმის შეჩერება პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ამერიკულმა სასამართლომ ამაზეც უარი თქვა. მისი თქმით, პროცესი უკვე 4 წელია გრძელდება და დაუსრულებელი ლოდინი ეწინააღმდეგება არბიტრაჟის მთავარ მიზანს ანუ დავების სწრაფ გადაწყვეტას.
სასამართლოში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დაცვითი ხაზი აშშ-ის საჯარო პოლიტიკას უკავშირდებოდა. ქართული მხარის მტკიცებით, ტრიბუნალმა არსებითად დასაჯა სახელმწიფო იმ ზომების მიღების გამო, რაც სოციალური და გარემოსდაცვითი პროტესტის სამართავად იყო აუცილებელი. მათი არგუმენტით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება შელახავდა საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად ემართა ბუნებრივი რესურსების მოპოვება საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის საჯარო პოლიტიკის პრინციპებს.
მოსამართლე მეჰტამ ეს არგუმენტიც მკაცრად უარყო. მან განმარტა, რომ საჯარო პოლიტიკის გამონაკლისი გამოიყენება მხოლოდ “მკაფიო” შემთხვევებში, როდესაც ირღვევა მორალისა და სამართლიანობის ფუნდამენტური ნორმები. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ გავალდებულებს საქართველოს, განაგრძოს ჰესის მშენებლობა ან ვინმეს მისცეს რესურსების მოპოვების უფლება (რაც მართლაც ჩაითვლებოდა სუვერენიტეტის შელახვად). ეს არის წმინდად “კომპენსატორული გადაწყვეტილება”, ანუ მხოლოდ ფინანსური ჯარიმა კონტრაქტის დარღვევისთვის, რაც არ არღვევს აშშ-ის საჯარო პოლიტიკას.
საბოლოო დასკვნა და პროცენტები
განჩინების ბოლო ნაწილში სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა “ენკას” მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ითხოვდა აშშ-ის ფედერალური სტანდარტული განაკვეთის გამოყენებას, მოსამართლემ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებულ ორიგინალურ ხელშეკრულებაზე. ამ დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ SOFR + 4% განაკვეთზე, რომელიც ყოველდღიურად დაერიცხება და ყოველთვიურად დაემატება ძირითად თანხას საბოლოო დაფარვამდე.
საბოლოო ჯამში, აშშ-ის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა უარყო და სრულად დააკმაყოფილა შპს “ენკა რინიუებლზის” მოთხოვნა. “ენკას” დაევალა 2026 წლის 18 სექტემბრამდე წარადგინოს საბოლოო განკარგულების პროექტი, რომელშიც ასახული იქნება გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა დაგროვილ პროცენტებთან ერთად.
მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიერ ჯამური გადასახდელი თანხა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 400 მლნ აშშ დოლარს.
netgazeti