„ახალი თეატრი“ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას ეხმაურება - მსახიობი ბრალის წარდგენას ელის

2 weeks ago 6

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს ამ თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების თაობაზე.

„სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს!“ - წერია განცხადებაში.

მსახიობი ანდრო ჭიჭაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება ბრალის წარდგენას. ის სამართალდამცავებმა გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს.

იზოლატორთან იმყოფება მისი მამაც. ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავება მის შვილს გამოძიება:

„ბრალის წარდგენა სავარაუდოდ, იქნება საღამოსთვის. როდესაც ადამიანი მიდის აქციაზე, არ იმალება, ტელევიზიებს აძლევს ინტერვიუს, ვიღაცისთვის საშიშია. ეს არის შიშის მომგვრელი. თან როდესაც ანდრო მსახიობია. შვილის ქებასავით გამომდის, მაგრამ ანდრო ყოველთვის იყო სიმპატიის ობიექტი, მგონი, რომ ამისთვის ისჯება და მისი დასჯის სახით უნდათ, რომ სხვებზეც იმოქმედონ. რომ აი, ანდროს ეს მოუვიდა, იგივე მოგივათ თქვენც“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე.

გუშინ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით სულ ხუთი პირი დააკავა.

ეს დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 პირი დააკავა.

საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის, 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულთა ნაწილს უკვე შეეფარდა აღკვეთის

ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა. ნაწილთა სასამართლო სხდომები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.

რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

სრულად წაკითხვა