პარლამენტმა პირველი მოსმენით კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის ნება დართო. ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს.
ტურნირი ორ ძირითად წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს: მონაწილეთა მინიმუმ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების სამართლებრივი ჩარჩო და არ არსებობს შესაბამისი დეფინიცია, რაც პრაქტიკაში, სათამაშო ბიზნესის სფეროში, სამართლებრივ ბუნდოვანებას იწვევს.
განმარტებითი ბარათის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის ტურნირები საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ-გასართობ აქტივობებს უკავშირდება, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იზიდავს და დამატებით ტურისტულ ნაკადებს ქმნის.
საერთაშორისო ტურნირის მომწყობს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
საერთაშორისო ტურნირის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული წესებისა და რეგლამენტის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა 50 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს 150 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივას პარტია „ლელო“ გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტიის განცხადების თანახმად, მაშინ როცა აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა ₾88 მლრდ-ს აღწევს და აზარტულმა თამაშებმა უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია, სამორინეებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება ტურიზმის განვითარების საფარქვეშ მიუღებელია.
„სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით შესაძლებელია ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ლარის მობილიზება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, რომ 2027 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია დამატებით 200 ლარით გაიზარდოს“ – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების, არასრულწლოვანებზე გავლენის, ფინანსური სირთულეების, ოჯახური კონფლიქტებისა და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკის მოტივებით ინიციატივა სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა.
2022 წლიდან აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით 48-დან გახდა 89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
netgazeti