ახალი სეზონის პირველ მატჩში ლელომ არმია მინიმალური სხვაობით დაამარცხა

3 days ago 1

crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველ მატჩში, თბილისის ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘არმია’ მინიმალური სხვაობით - 24:23 დაამარცხა.

თამაში დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ ორმხრივი შეტევებით დაიწყო და სტუმრები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ცენტრში დანიშნული შერკინების შემდეგ ხაზმა შეტევა შესანიშნავად გაშალა და ნიკა ხალვაშმა ლელო მარჯვენა ფრთაზე გაიტანა, გიორგი ბოლქვაძემ კი გარდასახა. ‘არმიამ’ ბურთის ფლობისა და ტერიტორიული უპირატესობით მალევე ისარგებლა და ჯერ გიორგი ჯაშმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე კი ფორვარდების შეტევას გიგა კაციტაძის ლელო მოყვა, რომელიც ჯაშმა გარდასახა.

‘არმია’ ბედის ძებნას შეტევებში განაგრძობდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ‘ლელომ’ კი თავისი შანსი 35-ე წუთზე მიიღო, ბურთი სწრაფად ჩაათამაშა და ბადრი ალხაზაშვილმა თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, რომელიც ბოლქვაძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო როდესაც ბოლქვაძემ ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა კვლავ გაზარდა. ‘არმიამ’ ჯარიმითვე 67-ე წუთზე (გიორგი თევდორაძე) უპასუხა, თუმცა 5 წუთში საკუთარ 22-ში დაშვებულ შეცდომას გიორგი კურტანიძის ლელო და ბოლქვაძის გარდასახვა მოყვა და ‘ლელო’ ისევ წინ გაიჭრა. სტუმრებს გარჯა გაწითლებულ დროზე დაუფასდათ, როდესაც გოგა გელაშვილმა ლელო გაიტანა და თევდორაძემ გარდასახვით სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ‘არმიას’ ეს მხოლოდ ნუგეშ-ქულისთვის ეყო და ‘ლელომ’ 24:23 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ მგეზავი პეტრე ხუციშვილი გახდა.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა