ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე საფრანგეთის "ლიონს" უმასპინძლა და თრილერად ქცეულ დაპირისპირებაში 5:4 იმარჯვა, რითაც ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
შეხვედრა ნამდვილად ემოციური და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. მატჩის საწყის მონაკვეთში ინგლისურმა გრანდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ფრანგებმა სწრაფადვე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, რის გამოც თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ათკაციანმა "ლიონმა" მეორე დამატებულ ტაიმში წინ გასვლა მოახერხა და ანგარიში 4:2 გახდა, რაც თითქოს მათ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა.
თუმცა, "იუნაიტედმა" განუმეორებელი ჟინი და ხასიათი აჩვენა — შეხვედრის მიწურულს მათ შეძლეს სამი უპასუხო გოლის გატანა და საბოლოოდ, დაუვიწყარი ქამბექით, 5:4 იმარჯვეს.
მომდევნო ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანურ ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა.
მატჩის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა აღნიშნა, რომ ამგვარ შეხვედრებს განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა აქვს როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის:
"ამ სტადიონზე ყველაფერია შესაძლებელი. დღეს სწორედ იმ საღამოდ იქცა, რომელიც ფეხბურთელებს დიდ გავლენას ახდენს და ქომაგებთან განუმეორებელ კავშირს აყალიბებს. ახლა მთელი ყურადღება ევროპა ლიგაზე გადაგვაქვს. პრემიერ ლიგაში ახალგაზრდებს მივცემთ შანსს — მათ სჭირდებათ გამოცდილება, ჩვენ კი კონცენტრაცია ევროტურნირზე უნდა მოვახდინოთ" — განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.