ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

4 hours ago 8

პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გასულ შაბათს, 4 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა.

ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

იქამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რომ სიგუა თავად აპირებს დავას ცოლისა და ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ, ცილისწამების მოტივით.

ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვება, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა; რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

სასამართლოში დღეს, 11 ივლისს პროცესიც უნდა გაიმართოს, სადაც უნდა გადაწყდეს დაუტოვებენ თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს. სოფო სიგუას თქმით, მისი ქმარი სხდომაზე მისვლას აპირებს.

სრულად წაკითხვა