WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ახმეტაში დაკავებულ ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ექიმი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცესს აშუქებდა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომლის განცხადებითაც საქმეში ფიგურირებს ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი. მთივლიშვილის განცხადებით, ექიმთან ვითომ ცუდად მყოფი ბებიისთვის რეცეპტის გამოსაწერად სწორედ ის მივიდა.

„ტვ პირველის“ ცნობით, სხდომაზე ექიმმა თქვა:

„მომიწია, დავარღვიე კანონი და დავწერე რეცეპტი, იმიტომ რომ მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა, ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვს და ჩამომითვალა მედიკამენტები. 1 წამალი მიღებული ჰქონდა, მითხრა, ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვრობდნენ ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში. გამაპენტიუმი უხსნის ტკივილებსო და მეც დავუწერე რეცეპტი, თანხა ჰქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია… მესამედ რომ მოვიდა, მითხრა, ბებო კარგადაა, უშველა წამალმაო და კიდევ დავუწერე წამალი, ვუთხარი, როდესაც დაბრუნდები, თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ დაგიწერ-თქო“.

გირაოს შესაგროვებლად მოქალაქეები თანხას აგროვებენ.