თბილისის საჯარო ბაღებში სავარაუდოდ მოწამლულ ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ — ეს არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც ვლინდება ღებინებით, მუცლის ტკივილით, დიარეით თუ ცხელებით.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ განუცხადა. იაშვილის კლინიკაში 9 ბავშვი შეიყვანეს, აქედან 4 უკვე გაწერილია ბინაზე, 5 კი სტაციონარში რჩება.
„ძირითადი სიმპტომები არის გასტროენტერიტი — ღებინება, მუცლის ტკივილი… ეს ვირუსის სიმპტომიც შეიძლება იყოს და ინტოქსიკაციისაც და ბევრი რამის… კონკრეტულად რაიმე ინტოქსიკაციას უკავშირდება თუ არა, ამის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და დაადგენენ. გასტროენტერიტით, ღებინებით მიმდინარე ბევრი ვირუსი და ბევრი ბაქტერია არსებობს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამომწვევი რა იყო, ამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი“, — განაცხადა სოფო ცერცვაძემ.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.
ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
netgazeti