ბათუმელი სალოსი ბოცორია – ღმერთშემოსილი გლახა

2 days ago 5

ბოცორია

შეხედავთ თუ არა ამ ქანდაკებას, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს კეთილი მოხუცი კაცის გამოსახულებაა.

და ვინ არის?

ჯიბით ღარიბი, სულით კი მდიდარი კაცი ვარლამ გოდუაძე, მეტსახელად ბოცორია. არადა, 58 წლის იყო, როცა 1991 წელს გარდაიცვალა.

წარმოშობით წყალტუბოს მხრიდან იყო, ბოლო წლები კი ბათუმში გაატარა.

ქანდაკება ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის( ყოფილი კათოლიკური ტაძარი, აგებულია სტეფანე ზუბალაშვილის მიერ 1898-1903 წლებში და მიუძღვნა დედის ხსოვნას) შესასვლელთან დგას, მის უკან, ეზოში კი თავად ბოცორიას საფლავია.

ეს კაცი სიცოცხლის ბოლო წლებში მოწყალების მისაღებად ტაძრის შესასვლელთან იდგა. ფულს რომ შეაგროვებდა, მასზე უფრო გაჭირვებულებს აძლევდა. აბა, რად მინდა ეგეთი ფული, სხვას როცა შია და სცივაო, ამბობდა თავად უპოვარი ვარლამი.

ჯიბეში სულ კანფეტები ჰქონდა და ბავშვებს ურიგებდა. ისინიც მას რომ სადმე დაინახავდნენ, ტკბილეულის მისაღებად აედევნებოდნენ ხოლმე და სიყვარულით ბოცო ძიას ეძახდნენ. ზოგჯერ ტაძართანაც საგანგებოდ აკითხავდნენ პატარები.

ერთხელ დედასთან ერთად მყოფი ორი მტირალა ბავშვი დაინახა. ნაყინი უნდოდათ, მშობელი კი, ალბათ, უფულობის გამო, ვერ ყიდულობდა. ბოცორიამ მიურბენინა, მაგრამ დედამ ალმაცერად გახედა ღარიბულად გამოწყობილ კაცს და გამორთმევაზე უარი უთხრა. შვილებმა ეს რომ დაინახეს, ტირილს მოუმატეს. ბოცორიამ დედას მიმართა, სიკეთე ღმერთის ხელით კეთდებაო და ბავშვებს ნაყინი გაუწოდა.

ძალიან უყვარდა პატარები.

1989 წელს ბათუმის ტაძარი პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. მაშინ 5 000 აჭარელი მოინათლა ქრისტიანულად.

დაიწყო მართლმადიდებლური მსახურება. ტაძარს წყლის პრობლემა ჰქონდა და ბოცორიამ შეგროვილი ფული შესწირა წყლის ავზის გასაკეთებლად. დღეს სწორედ აქედან მომდინარე წყალი ეკურთხება მორწმუნეთათვის.

ერთხელ ამ კეთილმა ადამიანმა მასზე უფრო გაჭირვებული დაინახა, შეიფარა, დააპურა და ფეხსაცმელიც კი უყიდა.

შეფარებულმა იფიქრა, ვარლამს ფული აქვსო და გაქურდვის მიზნით 1991 წელს მოკლა.

დაიტირა მთელმა ბათუმმა. ბავშვებს ღაპაღუპით სცვიოდათ ცრემლები და ყვავილები მიჰქონდათ მის საფლავთან. იქვე, ტაძრის ეზოს შესასვლელთან დაკრძალეს.

სასამართლოზე ვარლამის დამ მოსამართლეს მკვლელის გათავისუფლების თხოვნით მიმართა, ჩემი ძმა არ მოინდომებდა მის გამო ვინმეს დასჯასო. თუმცა, სასამართლომ დამნაშავეს 15 წელი მიუსაჯა.

ბოცორიას ქანდაკება დაუდგეს. საფლავიც მოუწესრიგეს. ფული ზური კალანდარიშვილმა და იმ ხალხმა გაიღო, ვისაც ბოცორიას მზრუნველობა და მისი ღიმილიანი სახე ახსოვდა.

საფლავზე კი წარწერაა დატანილი – ღმერთშემოსილი გლახა,

ბათუმელი სალოსი ბოცორია.

ბათუმელი ბავშვები ახლაც მიდიან ტაძარში. იმ მშობლებს მიჰყავთ, ბოცო ძია რომ კანფეტებს და ნაყინს ურიგებდა. იქ ბოცორია არ ხვდებათ, იმ ადგილას მხოლოდ ქანდაკება დგას და გახსენებს, რომ სიკეთე ღმერთის ხელით კეთდება.

გოგა ჩანადირი

სრულად წაკითხვა