ბათუმში დააკავეს საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილე, მათ შორის “გაზეთ ბათუმელების” დირექტორი

2 hours ago 2

11 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს საპროტესტო აქციის მონაწილეები. “ბათუმელების” ინფორმაციით დაკავებულია საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილე, მათ შორის, მზია ამაღლობელი, შპს. „გაზეთ ბათუმელების“ დირექტორი.

როგორც გამოცემა იუწყება, აქციის მონაწილეები დააკავეს კედელზე პლაკატების გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.

“ბათუმელების” ინფორმაციითვე, დაკავებულები არიან ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თემურ ქათამაძე.

გამოცემა წერს, რომ ბათუმში დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როდესაც დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თათია აბულაძე.

პოლიციელებმა მისი დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ მან ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ და სწორედ იქ დააკავეს აქციის დანარჩენი მონაწილეები.

ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, რა მუხლით არიან დაკავებულები აქციის მონაწილეები.

სრულად წაკითხვა