რუსული პოპ დუეტის t.A.T.u.-სა და უკრაინული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერლის ანი ლორაკის კონცერტები, რომლებიც, შესაბამისად, 1 და 14 აგვისტოს, ბათუმში უნდა გამართულიყო, გაუქმდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.
„ტასის“ ინფორმაციით, კონცერტების გაუქმება დაადასტურა ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციამ, სადაც კონცერტები უნდა გამართულიყო, ასევე პლატფორმა Biletebi.ge-მ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა. ამავე ინფორმაციით, გაუქმების ოფიციალური მიზეზი არ გაჟღერებულა.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა უმასპინძლოს იმ მომღერლებს, რომლებიც ან მხარს უჭერენ კრემლის პოლიტიკას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მის სრულმასშტაბიან ომს, ან დუმილს ამჯობინებენ ამ თემაზე. t.A.T.u. კიდევ ერთი კონცერტი, რომელიც საქართველოში 2026 წლის იანვარში იგეგმებოდა, ასევე გაუქმდა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში დაბადებული კაროლინა კუიეკი, რომელიც ანი ლორაკის სახელითაა ცნობილი და რომელმაც კარიერა რუსეთში გაიკეთა, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ვინაიდან საჯაროდ არ დაგმო მოსკოვის ქმედებები. 2024 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომლითაც ლორაკს „უკრაინის დამსახურებული არტისტის“ საპატიო წოდება ჩამოერთვა.
რაც შეეხება პოპ დუეტ T.A.T.u-ს, ბოლო წლებში ისიც გახდა კრიტიკის სამიზნე, რადგანაც მოსკოვის პოლიტიკაზე დუმილს ამჯობინებდა და რუსეთში გამოსვლებს აგრძელებდა. 2025 წელს კი დუეტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში თანამშრომლობის განახლებისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს.
ამავდროულად, ასევე გაუქმდა პუერტო-რიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 16 ივლისს რუსთავის ავტოდრომზე იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, Biletebi.ge-მ განაცხადა, რომ კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნდებოდა, დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა.
This post is also available in:

1 week ago
39







English (US) ·
Georgian (GE) ·