საქართველო 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა.
სამიტზე „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“ გამოსვლისას ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.
მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას „მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ“ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ – მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება“, – აღნიშნა მან. „საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ერთობლივი განცხადება
საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ. განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 23 სექტემბერს წარადგინეს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს“, – განაცხადა კალასმა და აღნიშნა, რომ გაეროს ქარტია იცავს „ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას“.
„4 წლის, 6 თვის და 30 დღის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ადამიანური დანაკარგები კვლავ იზრდება“, – განაცხადა მან და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ „უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ესკალაციის გამო, რამაც ბოლო თვეებში რეკორდულად მაღალი მსხვერპლი გამოიწვია, როგორც ეს გაეროს მიერ არის დაფიქსირებული“.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ, ანგარიშვალდებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ შავ ზღვაში თავდასხმებით“, – აღნიშნა კალასმა. „რუსეთი ცდილობს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებას, რითაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“.
„ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების დაცვის მიზნით მიღწეული შეთანხმებისკენ მიმართულ ძალისხმევას და კომერციული გადაზიდვებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – დასძინა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „2025 წლის მარტიდან უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მანაც იგივე გააკეთოს, რაც აუცილებელი ნაბიჯია მშვიდობისკენ მიმართული მნიშვნელოვანი დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისკენ“.
სიბიჰას თქმით, უკრაინა მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის, იძულებით გადაყვანილი ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების, „დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება“ უკრაინაში, ასევე ყველა სამხედრო ტყვის სრული დაბრუნება.
„უკრაინას მშვიდობა სურს“, – ხაზგასმით აღნიშნა სიბიჰამ. „ჩვენ გვინდა მშვიდობა“.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – დასძინა მან.
განცხადებას მხარი დაუჭირეს უკრაინამ, ევროკავშირმა, ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ისრაელმა, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მაროკომ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პანამამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, კორეის რესპუბლიკამ, მოლდოვას რესპუბლიკამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები განცხადებას არ შეუერთდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები