გორში დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქართველ მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) უნდა მიეღო მონაწილეობა, „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“ გაუქმდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიის მიერ წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია, რომლის სამიზნეც თავად მუსიკოსი, ასევე ღონისძიების ორგანიზატორი და სპონსორი ევროპული ინსტიტუტები იყო.
კონცერტი 26 სექტემბერს ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში უნდა გამართულიყო. ფესტივალის ორგანიზატორი დანიის კულტურის ინსტიტუტი იყო პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და „გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს“ თანადაფინანსებით ხორციელდება. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებისა და ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დანიის კულტურის ინსტიტუტმა 23 სექტემბერს გვიან საღამოს განაცხადა, რომ „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო“.
მართალია ინსტიტუტს დამატებითი დეტალები არ განუმარტავს და Kordz-ის სახელიც არ უხსენებია, მუსიკოსის პოსტები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ის ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების გაუქმება ცუდი რეალობაა; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირე მხარდაჭერა მაინც მიმეღო“, – დაწერა Kordz-მა „ფეისბუქზე“. მან აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს „გაბრაზებული ბრბოთი“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოსვლა შედგებოდა. კონცერტი გორის ხელოვნების სახლში უნდა გამართულიყო.
„ღონისძიების სპონსორებს (ევროკავშირი, „გოეთეს ინსტიტუტი“ და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიაჩნიათ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების არქონა მისაღებია. მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები“, – აღნიშნა მან.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში Kordz-მა განაცხადა, რომ „ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს“.
Kordz-ი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მისი საპროტესტო სიმღერა „ოლე, ოლა“, რომელიც „ქართული ოცნების“ მისამართით სალანძღავ სიტყვებს შეიცავს, 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს პოპულარული გახდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები