ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა ბალტიის ზღვაში, წყალქვეშა ელექტროკაბელ Estlink 2-ის დაზიანების გამო. კაბელი 25 დეკემბერს, დღისით გაწყდა. ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს.
ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანია Fingrid-ი დივერსიას არ გამორიცხავს. დაწყებულია გამოძიება.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა ორი გემი იმყოფებოდა - ჰონ-კონგის დროშით მცურავი Xin Xin Tiang 2 და კუკის კუნძულების დროშით მცურავი Eagle S.
ფინეთის პოლიცია სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად იძიებს კაბელის დაზიანებასთან ამ გემების შესაძლო კავშირსაც.
ფინეთის მედიასაშუალებები საზღვაო მონიტორინგის სისტემა MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტანკერი Eagle S რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ბრიტანული გამოცემის, Lloyd's List-ის თანახმად, ეს ტანკერი ნაწილია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.
მედიასაშუალებების ცნობითვე, რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს მეორე სატვირთო გემის, Xin Xin Tiang 2-ის მფლობელ კომპანიასაც.
2024 წლის 17 ნოემბერს, ბალტიის ზღვაში დაზიანდა ფინეთის და შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია იყო დივერსია, თუმცა, 3 დეკემბერს შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით ინციდენტი არ გამოუწვევია განზრახ ქმედებას და სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდა.
18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გერმანია-ფინეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ეს სავარაუდოდ, დივერსიის შედეგი იყო. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ორივე შემთხვევის დროს ბალტიის ზღვის ამ რაიონში იმყოფებოდა ჩინეთის გემი Yi Peng 3, რომლის კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა.