„ბატონო მდინარაძე, უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ“ — ზვიად ცეცხლაძის მიმართვა ციხიდან

3 hours ago 1

სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძის წერილს ქვეყნებს, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა მამუკა მდინარაძისთვის მისამართად. აქციებზე დაკავებული სტუდენტი „ოცნების“ სახეს მოუწოდებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციაში გაერკვეს, „სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გამოთქვამს პრეტენზიას“.

ზვიად ცეცხლაძის წერილი ასევე აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხება, სადაც მან ილაპარაკა, რომ თავდებში ჩაუდგებოდა ჭიჭინაძეს, თუ ის გააცნობიერებდა და აღიარებდა, რაც ჩაიდინა.

“ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ მდინარაძის გამოსვლა ანდროს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ანდროს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ პროპაგანდას, რომელსაც მდინარაძე მიმართავს: “თუ ასე გძულს რუსები, მაშინ მათ ფილმებში რატომ იღებ მონაწილეობას?” აქ მდინარაძე ცდილობს ანდროს ფარისევლად და უპრინციპოდ წარმოჩენას. ამავდროულად, განზრახ მალავს იმ ეთნიკურად რუსი რეჟისორის პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელიც მისაზე ბევრად ანტიპუტინისტური და პროქართულია. მიზანმიმართულად აიგივებს ეთნიკურად რუსისა და რაშიზმის ცნებებს.

რაშიზმი ეწოდება იდეოლოგიას, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს იმპერიალისტურ რუსეთს (როგორც მესამე რომს). რაშისტი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ეროვნული წარმომავლობისა, ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და ცდილობს მის დამკვიდრებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საკუთარ სამშობლოში.

ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება). არამც და არამც ეთნიკური ნიშნით რუსებს! ჩვენში მიუღებელია ეთნიკური ზიზღი და შოვინიზმი!

და ბოლოს, ბატონო მდინარაძე, სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ, სანამ დამნაშავედ მოიხსენიებთ კაცს, რომელსაც ბრალი დამტკიცებული არ აქვს!“

მდინარაძის განცხადებას, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით, გამოეხმაურნენ როგორც ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, ასევე ოდნავ მოგვიანებით თავად ანდრო ჭიჭინაძეც.

“მამუ, ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, — უპასუხა ჭიჭინაძემ მდინარაძეს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში!“ — ეს კი ლიკა გუნცაძის პასუხია მდინარაძეს.

ანდრო ჭიჭინაძესაც და ზვიად ცეცხლაძესაც „ოცნების“ ხელისუფლება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

სრულად წაკითხვა