არჩევნებს, რომლის შედეგებიც გაყალბდა, მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ უპრეცედენტო სისასტიკით ჩაახშო. ხელისუფლების მხრიდან დევნას გამოქცეულმა ბელორუსებმა წლისთავი მასობრივი საპროტესტო აქციებით აღნიშნეს.
ვარშავაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა „თავისუფლების მარშში“. კოლონას სიარჰეი ციხანოუსკი ხელმძღვანელობდა, მსვლელობის შემდეგ გამართული აქცია სვიატლანა ციხანოუსკაიას სიტყვით დასრულდა.
ამასობაში, თავად ბელარუსში რეპრესიების ხარისხი არ მცირდება. „ბელარუსი მძევლად აიყვანეს“, განაცხადა ოპოზიციის დევნილმა ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ვაშინგტონში დაფუძნებული ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიერ 7 აგვისტოს გამართულ ონლაინბრიფინგზე. „წლისთავთან დაკავშირებით რეპრესიები მხოლოდ გაძლიერდა“, დასძინა მან. „რეჟიმი არა მხოლოდ დისიდენტებს სჯის. ის არსებითად ცდილობს 2020 წელს მომხდარი მოვლენების ხსოვნის წაშლას.“
ბელარუსის სახელმწიფო მედიაში გრძელდება 2020 წლის საპროტესტო აქციების ლიდერების დისკრედიტაციის კამპანია. არჩევნების მეხუთე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეარხმა ONT-მ აჩვენა 2020 წლის 10 აგვისტოს ოპერატიული ვიდეოჩანაწერის კადრები ციხანოუსკების მინსკის ბინიდან. მასში ჩანს, თუ როგორ აწვდის ოპერატიული და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი პავლიუჩენკო სვიატლანა ციხანოუსკაიას შეკვრას. ვიდეოში მისი შიგთავსი არ ჩანს, თუმცა თავად პავლიუჩენკო ამბობს, რომ მასში 15 000 დოლარის ოდენობის ფულია. ბელარუსული ოპოზიციური გამოცემა „ზერკალასთვის“ ამ ტელესიუჟეტის კომენტირებისას სვიატლანა ციხანოუსკაია ირწმუნება, რომ მას ფული არ უთხოვია და კონვერტი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადასცეს. „იმ დროს უზარმაზარი ემოციური ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ამისთვის მზად არ ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ასეთ სიტუაციებში. ამ ავბედით კონვერტზე არ მისაუბრია, რადგან მრცხვენოდა, რომ ის მქონდა. შეხებაც კი არ მინდოდა“, თქვა მან „ზერკალასთან“ ინტერვიუში.
ამ კვირაში გამოქვეყნებული Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, ბელარუსში პოლიტპატიმრების რაოდენობა 1100 ადამიანს შეადგენს. ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრის, „ვიასნას“ მონაცემებით, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთიდან მუშაობს, 2020 წლიდან ხელისუფლებამ დაახლოებით 330 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა ვადაზე ადრე. თუმცა, რეპრესიები არ წყდება და ყოველთვიურად ციხეში მეტი ადამიანი ხვდება, ვიდრე თავისუფლდება. მაგალითად, 2025 წლის ივნისში, „ვიასნას“ გამოთვლებით, 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მაგრამ კიდევ 29 ადამიანი აღმოჩნდა ციხეში. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო სიარჰეი ციხანოუსკის გათავისუფლება. ის 2020 წლის მაისში დააკავეს - მას შემდეგ, რაც მან ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვა გამოაცხადა. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ციხანოუსკის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან იმედგაცრუება გამოთქვა: „გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ ბელარუსელები აქ ხუთი წლის განმავლობაში აქტიურობდნენ, მაგრამ ის მუხტი, ის ვნება, ის ენერგია, რაც იყო 2020 წელს, როცა ვგრძნობდი, რომ ზურგს უკან ფრთები მქონდა, აღარ არის“. 2020 წლის ბელარუსის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა, 11-წლიან სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების კოლონიაში. მას შემდეგ, რაც მას 2024 წლის ნოემბერში მამასთან შეხვედრის უფლება მისცეს, პრესაში მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.