ბესიკ ხარანაულის საუკეთესო საახალწლო მილოცვა

5 days ago 4

პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ახალი წლის დადგომამდე ორიოდე დღით ადრე  საუკეთესო საახალწლო მილოცვა გაგვიზიარა:

ქ ო რ ო ნ ი კ ო ნ ს ქ რ ი ს ტ ე ს ა ქ ე თ,
ო რ ი ა თ ა ს ო ც დ ა ხ უ თ ს ა

ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდახუთსა,
ბედნიერებას გისურვებთ, ცხოვრებასა გამართულსა!
ახალწელიწადს ვულოცავ, ქალსა, კაცსა, ცხენსა, ჯორსა,
სუყველას, ღვთისგან გაჩენილს, ეშმაკისგან განაშორსა,
ყველას, რასაც ჩრდილი ახლავს, რაც მიწაზე ბალახს ძოვსა,
რაც გზაზე დაიარება, რაც კლდიანზე უცემს ტორსა,
ახალჩასახულ სიცოცხლეს, საფლავებსა დანათოვსა,
წვიმიანსა, თოვლიანსა, ქარისაგან მოშლილ თქორსა,
აღმართსა და, დაღმართსა და, ვაკესა და, მთა და გორსა,
ყველა სულდგმულს მასზედ მავალს, არ დავტოვებ ცაში ქორსა,
ახალწელიწადს ვულოცავ, კოცნას ვუძღვნი და ამბორსა,
საქართველოს შევეწიოთ, ჩვენგანამცა განაჭორსა,
ცუდი მალე დავივიწყოთ, კარგი კიდავ არასდროსა,
შარშანდელსაც ვახსენებდეთ, სახსოვარსა დანატოვსა,
კაცი მთელი გამოვიდეს, გუდა წყალმა წაიღოსა…
მორჩა, მეტი აღარ ვიცი, გაგრძელებას ნუვინ მთხოვსა,
შაირი დამთხვეულია,
პატრონიც კი ვერა სთოკსა,
გაჭენდება ულაყივით,
ისარიც ვერ გაასწრობსა,
მტერს ისარი, ჩვენ მზისთვალი,
მოტყორცნილი შორით-შორსა,
კაცს ხალისი თუ არა ახლავს,
სხვისთვის მაინც ხალისობსა,
სხვა თუ არ ჰყავს, თავს შესცინებს,
გაალხინებს დანაღონსა,
ამინს ეტყვის მაღლით ღმერთი,
როგორც კაცი, სწორი-სწორსა,
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ,
ორიათას ოცდახუთსა,
საწერ-კალამი მიჭირავს,
არც მყინავს და არცა მხუთსა,
სამ ჭიქას დავილოცები,
ღვინოს, პირზე მინაყუდსა,
ღმერთმა უნდა ჩამომძახოს,
ველოდები წუთი-წუთსა.

სრულად წაკითხვა