ბესო მეგრელიშვილის ცოლის ტკივილი და სხვა განზომილებაში გადასული სიყვარული – „იქიდან მშველის, მეხმარება” „ბესოს ვერ ვუღალატებ, ვერ გავთხოვდები"

2 days ago 4

ბესო მეგრელიშვილის ცოლის ტკივილი და სხვა განზომილებაში გადასული სიყვარული  - „იქიდან მშველის,  მეხმარება"„სარკე“, ლიკა ოსაძე

მსახიობ ეკა თვაურის ცხოვრება ორი წლის წინ აბსოლუტურად შეიცვალა, როცა მისი ქმარი, პოპულარული მსახიობი ბესო მეგრელიშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას შემდეგ დიდ ტკივილთან უწევს გამკლავება და იმ რეალობის მიღება, რომელშიც საყვარელ ადამიანს ფიზიკურად ვერ ხედავს, მაგრამ მის გვერდით დგომას, დახმარებას მუდმივად გრძნობს.

მსახიობმა „სარკეს” გულწრფელად უამბო იმ სიყვარულზე, რომელიც სიკვდილსაც არ ემორჩილება.

ეკა თვაური:

– დღე არ გავა, ბესოზე რომ არ ვისაუბრო. როგორც ცოცხალ ადამიანზე, ისე ვსაუბრობთ მასზე ყოველდღე. ვგრძნობ, რომ ბესოც სულ ჩვენთან არის. იქიდან გვმფარველობს და ჩვენთვის ლოცულობს. როცა ცხოვრებაში რთული სიტუაცია მაქვს, ვიტყვი, ბესო, მიშველე-მეთქი და ისიც მშველის, იქიდან მეხმარება.

სამოგზაუროდ ვიყავით წასულები ემირატებში და წამოსვლის წინა დღეს ჩემი გოგონა, მარიამი, ავად გახდა. მოიწამლა თუ რაღაც დაემართა, ზუსტად არ ვიცი. ძალიან შევშინდი და ღმერთს დახმარებას ვთხოვე. მერე ბესოს სულს ვთხოვე, როგორიც ჩამომაყვანინე ეს ბავშვი აქ, ისეთი წამაყვანინე უკან-მეთქი. ეს რომ გავიფიქრე, მარიამმა მითხრა, მეძინებაო და ერთი საათით დაიძინა. რომ გაიღვიძა, უკვე კარგად იყო, თითქოს არც არაფერი ყოფილა. მარიამი 14 წლის ხდება ნოემბერში. ისიც გრძნობს მამის დახმარებას.

– მოზარდი გოგონასთვის წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მამის დაკარგვა, ამის გაცნობიერება და ამ ტკივილთან გამკლავება.

– ბესო რომ გარდაიცვალა, მარიამი იმ დროს სკოლაში იყო. იმ პერიოდში დედაჩემთან იყო, იქიდან დადიოდა სკოლაში. წინა საღამოს ბესოს მაღალი წნევა ჰქონდა. სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ ვუშველეთ…

მამაჩემმა და ბიძაჩემმა მარიამს სკოლაში მიაკითხეს. როცა გაუმხილეს ბესოს ამბავი, 11 წლის ბავშვმა ისე დაიტირა მამა, რომ მამაკაცებიც აატირა. ახლა მარიამი მამას ცოცხლად იხსენებს – დედიკო, გახსოვს, მამიკო რომ მოვიდა და ასე გვითხრა, ასე გააკეთაო და ასე შემდეგ.

ერთი პერიოდი პროტესტი ჰქონდა და სასაფლაოზე არ მოგვყვებოდა. რომ გაიგებდა, სასაფლაოზე მივდიოდით, გვეუბნებოდა: “ახლა იქ უნდა იტიროთ?”. რომ გაიზარდა, აზრი შეეცვალა. აგვისტოში ბესოს დაბადების დღეზე რომ წავედით სასაფლაოზე, მარიამმა მითხრა, აქ რა კარგიაო. მართლაც კარგი იყო. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ბესოსთან მივედით სტუმრად.

– ბესოს მოულოდნელი გარდაცვალება რით იყო გამოწვეული?

– თრომბით. საყრდენი გამომეცალა. ბესო ისეთი საყრდენი იყო ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. სითბოს დეფიციტს განვიცდი, საყვარელი მამაკაცის სითბოს დეფიციტს. ბესო, რომ მოგეკლათ, პიროვნულად არ მიღალატებდა. დარწმუნებული ვარ, გადამეფარებოდა კიდეც, სულ ჩემს მხარეს იქნებოდა. შემეძლო, ბეწვის ხიდზე თვალდახუჭული გავყოლოდი. ისიც გამომყვებოდა თვალდახუჭული. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩემი აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი საქმის შემფასებელი მე ვიყავი. მის სპექტაკლს რომ დავესწრებოდი, ძალიან აინტერესებდა ჩემი შეფასება.

– ბავშვთან ერთად მარტო რომ დარჩით, ცხოვრების არ შეგეშინდათ?

– არა. ბესო ცოცხალი რომ იყო, ბევრ რამეს თავად ვაკეთებდი, თანაც ბესოს ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ გვერდში მიდგანან და არ მეშინია.

– ბესოს პირველი მეუღლისგან გოგონა ჰყავს, მეორე მეუღლისგან – ბიჭი. და-ძმას ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა?

– კი, როგორ არა. ბესოს ყოფილ მეუღლეებთან, მის შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ყველას დამსახურება – ჩემიც, ბესოსიც, მისი შვილების და მათი დედების. ბესოს ყოფილი მეუღლეები ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათ დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის მიხარია მათთან ურთიერთობა. სულ იმას ვეუბნებოდი, ასეთ კარგ გოგონებს როგორ გაეყარე-მეთქი. ის კი ღიმილით მპასუხობდა, არ გავყრილვარ, ორივენი თავად გაიქცნენო.

ბესოს შვილებიც არაჩვეულებრივები არიან. ჩემი მარიამი რომ დაიბადა, ყველას გაუხარდა. მარიამსა და მის უფროს დას, ნათიას, შორის 28 წელია ასაკობრივი სხვაობა. უფროსი გოგონასგან ბესოს სამი არაჩვეულებრივი შვილიშვილი ჰყავს. ბესო 17 წლის ასაკში უკვე მამა იყო, 36 წლის ასაკში კი ბაბუა გახდა.

– როცა დაოჯახება გადაწყვიტეთ, არ შეგეშინდათ, მისი შვილები როგორ მიგიღებდნენ?

– არა. გამომდინარე ბესოს ტიპაჟიდან, მისი ხასიათიდან, ზუსტად ვიცოდი, როგორი შვილები ეყო-ლებოდა. ბესოსთან პირველად რომ მივედი სტუმრად, თითქოს ვიცოდი, სად რა იდგა, სად რა ნივთს ინახავდნენ. მერე მამამ ამიხსნა, ზუსტად ისეთი ოჯახის შვილია, როგორშიც შენ გაიზარდე და ამიტომო. ბესოს ცოლად რომ გავყევი, მისი უფროსი ქალიშვილი, ნათია, ორი შვილის დედა იყო. გიორგი პატარა იყო. გიორგისგან და ნათიასგან სითბოს მეტი არაფერი მიგრძვნია.

– როგორი მამა იყო?

– შვილების მოყვარული. ნათია რომ დაიბადა, თავად 17 წლის ბავშვი იყო, მაგრამ გიჟდებოდა მასზე. გიორგი რომ დაიბადა, დაახლოებით 34 წლის იყო და ჭკუაზე არ იყო, ბიჭი შემეძინაო. ყოველდღე ნახულობდა გიორგის. მეც მივყავდი, სკვერში დავსხდებოდით და ქალაქობანას ვთამაშობდით. ძალიან ყურადღებიანი იყო. ზოგადად ბავშვები ძალიან უყვარდა. დისშვილებზე და მეგობრის შვილებზე გადაყოლილი იყო. ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ ბესო.

– თქვენ ალბათ პირველად მისმა სიკეთემ და ყურადღებამ მოგხიბლათ.

– თეატრში სულ აქებდნენ და მისი ქება რომ მესმოდა, მეგონა, გათავხედებული და “თავშიავარდნილი” სიმპათიური მამაკაცი იქნებოდა. პირველად ერთი შევხედე და ზურგი შევაქციე, არ მომეწონა. როგორც მერე თავად მითხრა, პირველად რეპეტიციის დროს დამინახა. სცენაზე გამოვედი და რეჟისორისთვის რაღაც უნდა მეთქვა. დარბაზში ცოტა სიბნელე იყო და შორიდან ვერ დავინახე, რეჟისორი ვის ესაუბრებოდა. აღმოჩნდა, რომ ის “ვიღაც” ბესო იყო. სწორედ მაშინ დავუნახივარ. მე ახალი მისული ვიყავი თეატრში და ჯერ მხოლოდ ორ სპექტაკლში მქონდა მონაწილეობა მიღებული.

ბესომ პირველად რომ დამინახა, თურმე უთქვამს, ეს ქალი ჩემთვის მინდაო. მესამე დღეს ჩემთან მოვიდა და პირდაპირ მკითხა, ცოლად როდის მომყვებიო. ერთი შევხედე და ირონიულად მივუგე, უი, რა კარგად ვხუმრობთ, ზეგ გამოგყვები-მეთქი. მართლაც ორი დღის მერე მოვიდა და მითხრა, ადამიანი სიტყვის პატრონი უნდა იყოს, მომყვები თუ არაო. მეც ვუთხარი, პრემიერის მერე დავილაპარაკოთ-მეთქი. ასე დავახლოვდით. ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა.

– სიყვარული როგორ აგიხსნათ?

– სამი დღე სულ უკან დამდევდა. სადაც წავიდოდი, იქ მოდიოდა. მერე მითხრა, წამოდი, რაღაც ვიყიდოთო. თეატრიდან რომ გავედით, არტოს ბაღში გასეირნება შემომთავაზა და იქ დავილაპარაკეთ. მაშინ მივხვდი, რომ არავითარი გაზულუქებული, “თავშიავარდნილი” მსახიობი არ იყო, პირიქით, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ყველას ეხმარებოდა, ყველა ეცოდებოდა. მისი მეუღლე რომ გავხდი, სულ ვსაყვედურობდი, შენი თავის ფასი იცოდე, შენი თავი დააფასე-მეთქი.

21 წლის ასაკში სახელმწიფო პრემია მისცეს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. ძალიან ნაკითხი და ჭკვიანი იყო. ადამიანს რენტგენივით ხედავდა, ვერ მოატყუებდი.

– ჯვარი დაიწერეთ?

– წმინდა ნინოს ეკლესიაში, რომელიც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობს. ერთი უცნაური ისტორია უნდა მოგიყვეთ. ბესოს ჯერ არ ვიცნობდი, როცა ამ ეკლესიაში ერთი ქალბატონი მოვნათლე. მამა დავითი, რომელმაც ეს ქალბატონი მონათლა, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ამ ამბიდან გავიდა 3 წელი და ბესო გავიცანი. ერთხელ ბესომ მითხრა, ძალიან კარგი მოძღვარი მყავსო და აღმოჩნდა, რომ მამა დავითი ბესოს მოძღვარი იყო. მერე ჯვარიც მამა დავითმა დაგვწერა და ჩვენი შვილიც მან მონათლა.

– დაოჯახების მერე რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?

– ბევრი არაფერი. ეტყობა, ადამიანზეა დამოკიდებული. სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” რომ ითამაშა, ყველა ასე მეძახდა, ეს ავთოს ცოლიაო. მათ ვუსწორებდი, ავთოს ცოლი არ ვარ, ბესოს ცოლი ვარ-მეთქი. თავად ბესოს ძალიან სიამოვნებდა, ხალხი რომ ცნობდა, მაგრამ რცხვენოდა კიდეც. ბავშვივით მორცხვი იყო.

– რამდენი წელი იყავით ერთად?

– 15 წელი. ბესო სახლში სხვადასხვანაირი იყო – ცოტა რთული, ცოტა ბავშვური, არაპრაქტიკული და ხელგაშლილიც. არ მახსოვს, ჩემთვის ეკითხა, ფული რომ იყო, რაში დახარჯეო. უყვარდა დალევა. ახალი წლის დღეებში კარგად დალევდა, მერე კი ცუდად იყო. შეეძლო სუფრიდან სუფრაზე გადასვლა. იყო მომენტები, როცა არ სვამდა, ლიმონათით დალოცავდა სუფრას და სასმელს არ მიეკარებოდა, რადგან არ უნდოდა, ცუდად გამხდარიყო.

ერთი თვისებაც ჰქონდა. თუ რეჟისორის მიმართ პროტესტს გამოხატავდა, სპექტაკლის დროს დალევდა.

– სპექტაკლს ჩაშლიდა?

– არა. რეპეტიციის დროს თუ რეჟისორს ვერ გააგებინებდა თავის აზრს და რეჟისორიც ჯიუტად იდგა თავის მოსაზრებაზე, მაშინ სპექტაკლის დროს დალევდა, რომ ისე ეთამაშა, როგორც მას სურდა და არა ისე, როგორც რეჟისორს უნდოდა. ყოფილა შემთხვევა, როცა მერე რეჟისორს მადლობა უთქვამს. დაახლოებით 38-39 წელი იდგა სცენაზე და ყველაფერი იცოდა.

– იმ სირთულეებზე რას გვეტყვით, თანაცხოვრების დროს წყვილს რომ უჩნდება?

– სირთულეები იყო, მაგრამ გადავლახეთ. გვქონდა ძალიან რთული პერიოდი და დავძლიეთ. როცა გავებუტებოდი, მოვიდოდა და მკითხავდა, რა გეწყინაო. ორი წუთის წინ რომ ჩხუბობდა, აღარ ახსოვდა.

ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავდა. ეჭვიანობდით?

– არა. როცა საეჭვიანო მქონდა, მაშინაც არ ვეჭვიანობდი.

– მიუხედავად ყველაფრისა, ფიქრობთ, რომ იღბლიანი იყო თქვენი სიყვარული?

– კი, ძალიან იღბლიანი იყო. ბესო სულ იმას ამბობდა, რატომ აქამდე არ შემხვდიო. არავინ თქვას, 15 წელი ერთად ვიყავით და არ გვიკამათიაო. ჩვენ ვკამათობდით, ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. ძალიან გამიმართლა, ჩემს ცხოვრებაში რომ შემოვიდა. დარწმუნებული ვარ, ბესოც ასე იტყოდა.

– ცხოვრება თავისას მოითხოვს, თავის გზებზე სიარულს გაიძულებს. ზოგჯერ ადამიანები მძიმე ტკივილის შემდეგაც ისევ ქმნიან ოჯახს და ბედნიერებას პოულობენ. თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა მეორედაც შექმნათ ოჯახი?

– არა და აგიხსნით, რატომ. გარდაცვლილი ადამიანის ბევრი გლოვა არ შეიძლება. ტკივილი მუდამ შენთან იქნება, მაგრამ ცხოვრება მიედინება და, გინდა თუ არ გინდა, არ უნდა ჩამორჩე. ბესოს გლოვა არ უყვარდა. ჩემი მამამთილი რომ გარდაიცვალა, ორმოცამდე შავები მეცვა. ბესო სულ მეჩხუბებოდა, შავები გაიხადეო.

ბესო რომ გარდაიცვალა, 40 დღე შავი მეცვა. მერე შავი გავიხადე, თვალები შევიღებე და თავი მოვიწესრიგე. ცხოვრება მიდის და უნდა გაიხარო ცხოვრებით.

იცით, რას მივხვდი? როცა წყვილი ერთმანეთს ეყრება, ადამიანს სულ სხვა ფსიქოლოგიური განწყობა აქვს. იცი, რომ ის თავის ცხოვრებას მიხედავს და შენ შენსას უნდა მიხედო, ხოლო როცა წყვილიდან ერთ-ერთი გარდაიცვლება, მეორე ვერ ღალატობს. მისი გარდაცვალებით მოყენებული ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ მერე ღალატი გიჭირს. ის ღვთის წინაშე შენს მეუღლედ რჩება, ჯვარდაწერილ მეუღლედ. უბრალოდ, სხვადასხვა განზომილებებში ხართ.

ვიღაცას თუ სურს, გათხოვდეს და შექმნას მეორედ ოჯახი, ეს მისი ნებაა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, ამიტომ მეორედ აღარ შევქმნი ოჯახს. შინაგანად ის სულ ჩემშია, ვესაუბრები… როცა ასეთი უხილავი კავშირი გაქვს, როგორ შეიძლება სხვა შემოუშვა შენს სამყაროში?!

– დაბოლოს, ამჟამად სად მუშაობთ?

– 2008 წლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი. ამჟამად თეატრში აღარ ვარ, მაგრამ თუ სადმე მიმიწვევენ, უარს არ ვიტყვი. მაქვს ჩემი პროექტები, რომელთა შესახებაც ჯერ ხმამაღლა არაფერს ვიტყვი.

სრულად წაკითხვა