ბექა ბედიანაშვილი საქართველოში არ შემოუშვეს

ტექსტის ზომა 100%
ბექა ბედიანაშვილი საქართველოში არ შემოუშვეს
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 7 წთ.

ბექა ბედიანაშვილი საქართველოში არ შემოუშვესმსახიობი ბექა ბედიანაშვილი საქართველოში არ შემოუშვეს. ის სამშობლოში გერმანიიდან მეუღლესა და შვილთან ერთად ჩამოფრინდა.  მეუღლესა და შვილს საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, ბექა კი გაურკვეველი მიზეზების გამო უკან გააბრუნეს:

“ჩამოსვლისას (ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ) ჩემი პასპორტი დახლთან სასაზღვრო კონტროლის თანამშრომელმა დაასკანერა. პროცედურას უჩვეულოდ დიდი დრო დასჭირდა. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა მკითხა, ჩვეულებრივ თუ მაქვს ხოლმე ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები. ვუპასუხე, რომ აქამდე ქვეყანაში შემოსვლისას არასდროს მქონია პრობლემები.

ამის შემდეგ გვერდზე გამიყვანეს და ლოდინი მომიწია. საქმე მეორე თანამშრომელმა გადაიბარა.

მეორემ რამდენჯერმე მკითხა ჩემი სახელის შესახებ. მოგვიანებით დაბრუნდა და მკითხა, რა ერქვათ ჩემს მშობლებს, და მომთხოვა, მეჩვენებინა ჩემი დაბადების მოწმობა, რომელიც ლეპტოპში ასლის სახით თან არ მქონდა.

შემდეგ მკითხა, როდის შევიცვალე სახელი „S…“-დან (ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი სახელი დაასახელა) „ბექაზე“. განვუმარტე, რომ ყოველთვის ბექა მერქვა, როგორც ეს ჩემს დაბადების მოწმობაშიც არის მითითებული. კითხვებს შორის ყოველთვის ისევ ლოდინი მიწევდა.

შემდეგ მკითხა, რა მიზნით ვიყავი საქართველოში. ავუხსენი, რომ ქორწილში მივდიოდი. შემდეგ მკითხა ჩემი მეუღლის სახელი და დაბადების თარიღი, რომელიც იმ დროს უკვე საქართველოში იმყოფებოდა.
კიდევ კარგა ხნის ლოდინის შემდეგ მკითხა, სად ვიყავი 2 ოქტომბერს. ტელეფონზე ვაჩვენე მას კალენდარში ჩანაწერი: იმ დღეს გერმანიაში ვიმყოფებოდი.

M2 დაბრუნდა და მკითხა, შემეძლო თუ არა ამეხსნა, რატომ იყო ჩემზე დაკისრებული 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ვივარაუდე, რომ შესაძლოა საქმე არასწორი პარკირების გამო დაკისრებულ ჯარიმას ეხებოდა. მან ეს ინფორმაცია გადაამოწმა და კვლავ წავიდა.

შემდეგ მკითხა, როდის ვიყავი საქართველოში. ვუთხარი: გასული წლის აგვისტოს დასაწყისში. ის კვლავ წავიდა.
მერე დაბრუნდა და კონკრეტულად მკითხა, სად ვიყავი 2 აგვისტოს. ისევ ვუპასუხე: საქართველოში, და ვაჩვენე ტელეფონში ფოტოები, რომლებიც ადასტურებდა, რომ იმ დღეს მთაწმინდაზე ვიმყოფებოდი.
ამ დროს გამახსენდა, რომ ერთი დღის შემდეგ, 3 აგვისტოს, ოჯახთან ერთად შემთხვევით ჩავუარეთ ერთ-ერთ დემონსტრაციას — სრულიად ტურისტული მიზნით. ეს ჩემს ქალიშვილ ლილის ვაჩვენე, რომელსაც ეგონა, რომ კარნავალი იყო, რადგან მონაწილეებს ნიღბები ეკეთათ. ჩვენ იქ უბრალოდ ერთხელ გავიარეთ.

ხუმრობით ვთქვი, ხომ არ გადამიღეს ამ დროს ვიდეო-მეთქი. ამის შემდეგ ის დაინტერესდა და მკითხა: „ანუ დემონსტრაციაზე იყავი?“

მე ეს უარვყავი და ხაზგასმით ავუხსენი, რომ უბრალოდ ვცდილობდი, კალენდარში არსებული ჩანაწერების, ფოტოების და ჩემთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გამოყენებით ამეხსნა მისთვის, რომ შარშან დასასვენებლად ვიყავი სამშობლოში ჩასული. მსურდა გამერკვია, რასთან მქონდა საქმე, რათა ქვეყანაში შემოსვლა შემძლებოდა. ამასთან დაკავშირებით მან რამდენჯერმე ახსენა 1 000 ლარის ოდენობის თანხა.

ამის შემდეგ საქმე მესამე თანამშრომელმა გადაიბარა.
მან პატარა ოთახში შემიყვანა და ჩემი ფოტო გადაიღო. მან მითხრა, რომ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა არ მქონდა გადახდილი და რომ ამ თანხის გადახდა დამეკისრა იმის გამო, რომ შეკრებისა და საპროტესტო ღონისძიებების წესები დავარღვიე. ამ ჯარიმის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი.

აქედან დაიწყო წინააღმდეგობები: მე მოვითხოვე მტკიცებულებები და ვკითხე, კონკრეტულად რა მქონდა გაკეთებული. მან მხოლოდ მითხრა, რომ საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ნებადართულია, მაგრამ საჭიროა კანონების დაცვა. თუმცა მან ვერ მითხრა, კონკრეტულად რა გავაკეთე არასწორად და არც რაიმე მტკიცებულება მიჩვენა.

გარკვეული დროის შემდეგ მათ მაჩვენეს ციფრული დოკუმენტი, რომლითაც, როგორც ჩანდა, ცდილობდნენ 2 ოქტომბრისა და 3 აგვისტოს ერთმანეთთან დაკავშირებას, რათა საკუთარ დაკითხვაში არსებული წინააღმდეგობები აეხსნათ.

მათი თქმით, თითქოს 2 ოქტომბერს ჩემთვის ჩაბარებული იყო წერილი ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე — მაგრამ მათ ვერ მითხრეს, რომელ მისამართზე იყო ეს წერილი გაგზავნილი და ვერც ის, კონკრეტულად რა დარღვევას ეხებოდა.

მითხრეს რომ თუ გადავიხდიდი, არსებობდა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მოეცათ; თუ არ გადავიხდიდი — ამის შანსი არ მექნებოდა. რამდენად დიდი იქნებოდა ეს შანსი, არ მითხრა.
ამის შემდეგ საქმეზე ორი სხვა თანამშრომელი მუშაობდა. ისინი ტელეფონზე არაერთხელ საუბრობდნენ ჩემ შესახებ.
ისინი ცდილობდნენ არსებული წინააღმდეგობების გარკვევას, თუმცა მათაც ვერ შეძლეს ეთქვათ, როდის და სად უნდა ყოფილიყო ჩემთვის ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარება, არც ის იცოდნენ, რომელ მისამართზე იყო გაგზავნილი ეს დოკუმენტი და არც ის, კონკრეტულად რა მქონდა დარღვეული.

ისინი დაჟინებით მთხოვდნენ თანხის გადახდას, მაგრამ არ მაძლევდნენ გარანტიას, რომ ამის შემდეგ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა მიღებული — არც კი მეუბნებოდნენ, იყო თუ არა ჩემი შემოშვების შანსი 50/50-ზე.

მათ აღიარეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც მე თანხას გადავიხდიდი.
დიდხანს ვცდილობდი ლოგიკით მემსჯელა და ჩემი მდგომარეობა ამეხსნა. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: „შენს ადგილას, თუ მართლა არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ გადავიხდიდი.“

მე ვუპასუხე, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გადამეხადა, თუ არაფერი დამიშავებია — და როგორ დავიბრუნებდი ფულს, თუ მოგვიანებით გაირკვეოდა, რომ უდანაშაულო ვიყავი.

ამ დროს რამდენჯერმე დავურეკე ჩემს მეუღლეს, გერმანიის საელჩოს, ასევე ჩემს დეიდასა და ბიძას. ყველამ ერთხმად მირჩია, თანხა არ გადამეხადა — მათ შორის იმიტომაც, რომ გადახდა შეიძლება ნიშნავდეს იმ დანაშაულის აღიარებას, რომლის კონკრეტულად დასახელებაც მათ ჩემთვის არ შეეძლოთ.

სანდო მტკიცებულებების გარეშე თანხის გადახდით, ფაქტობრივად, დავადასტურებდი, რომ თითქოს კანონი დავარღვიე, რაც მომავალში საქართველოში შემოსვლას კიდევ უფრო გამირთულებდა.
თანამშრომლები მუდმივად იმეორებდნენ, რომ საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ნებადართულია. მე კი ყოველ ჯერზე ვპასუხობდი, რომ მხოლოდ ტურისტის სახით, ოჯახთან ერთად, შემთხვევით გავიარე აღნიშნულ ადგილზე; არ მეჭირა ბანერი, არავის ვუშლიდი ხელს და არც ქუჩა დამიბლოკავს.
მე ვეკითხებოდი, კონკრეტულად რას მედავებოდნენ და კონკრეტულად რა მქონდა ისეთი გაკეთებული, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენდა.

ამ კითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე…”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS