ბოლო თვეების განმავლობაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შეხვედრა, რომლის შესახებაც „ქართულმა ოცნებამ“ ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ, მას შეხვედრა სთხოვა აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა რობინ დანიგანმა, თუმცა უარი მიიღო.
„ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა სტუმართან შეხვედრის დროს.
აქვე აღნიშნულია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში არ წერია, სად გაიმართა შეხვედრა, თუმცა პრესრელიზში მასპინძლობის შესახებ წინადადება და ასევე, ფოტოები, რომელზეც მოჩანს თბილისის ხედი, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტუმარს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.
ევროინტეგრაციის პროცესის შეყოვნების ფონზე, საქართველომ თანამშრომლობა გააძლიერა რიგ ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ირაკლი კობახიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უდიდეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
მედია წერდა, თბილისსა და აბუ-დაბის შორის არაფორმალური შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა დაუშვა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება,ხოლო საქართველომ მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან შეიხა ნასერ ალ ნოვაისის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მოქმედი ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად.
საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი აზერბაიჯანს ეწვია, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში უმასპინძლა. მხარეებმა 14 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.
შეიხი საქართველოდან დღეს, 19 სექტემბერს შეხვედრების დასრულების შემდეგ გაემგზავრა.