ბლინკენი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად ემზადება

3 weeks ago 20

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მზადაა საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესოს და პროცესებზე რეაგირებისთვის მის ხელთ არსებულ სხვადასხვა საშუალების გამოსაყენებლად ემზადება:

"შეერთებული შტატები საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია 32 წელზე მეტია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი საერთო სიყვარულს და იმ სურვილს, რომ ვიხილოთ საქართველო ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს სხვადასხვა მთავრობასთან და ქართველ ხალხთან საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გასაფართოებლად. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ რკინასავით მტკიცეა.

შეერთებული შტატები მტკიცედ გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების და ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს თავისი რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის შერჩევითი დაკავება და ფიზიკური ძალადობა თავისი კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ცნობები, რომ ადამიანები სამართალდამცავთა მხრიდან სერიოზულად დაშავდნენ. ის, ვინც დაკავებულია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ოფიციალურმა პირებმა კი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალის უკანონო გამოყენებაზე, სრულად უნდა აგონ პასუხი.

შეერთებული შტატები ქართველ ხალხს და მის დემოკრატიულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს. ისინი, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან- მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ - პასუხს აგებენ. იმასთან ერთად, რაც აქამდეც გამოვაცხადეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის თაობაზე, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების, მათ შორის დამატებითი სანქციების, გამოსაყენებლად", - ვკითხულობთ ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონის დროით ოთხშაბათ საღამოს, 4 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

სრულად წაკითხვა