ბლინკენი: ზავი პუტინს დასვენებისა და კვლავ შეტევის საშუალებას მისცემს

1 day ago 5

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა The New York Times-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად შეეხო უკრაინის ომს და მისი შეჩერების შესაძლებლობას.

„ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერმოქმედებისთვის“, თქვა ბლინკენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, ეს პუტინს მისცემს დროს, დასვენებისა და ხელახლა შეიარაღებისთვის, რათა ამის შემდეგ კვლავ შეუტიოს“.

ბლინკენის განცხადებები გაისმა მსოფლიო მედიის მიერ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე აშშ-სა და რუსეთს შორის კულისებს მიღმა უკრაინის მომავალზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ამავე დროს ბლინკენი ინტერვიუში ლაპარაკობს მიმავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის „წარმატებებზე“. სახელმწიფო მდივნის თქმით, სწორედ იმ ადმინისტრაციის ქმედებებმა, რომლისთვისაც თავად მუშაობს, მისცა უკრაინას საშუალება, „გაეძლო“, ამჟამად ჩამოყალიბებული ფრონტის ხაზი კი „ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრინციპულად შეიცვლება“.

ბლინკენმა სიტყვასიტყვით შემდეგი თქვა: „პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვტოვებთ, არის უკრაინის სახელმწიფო, რაც არ იყო აშკარა, რადგან პუტინის ამბიცია იყო რუკიდან მისი წაშლა. ჩვენ შევაჩერეთ პუტინი. მან წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინა დგას. და მე მჯერა, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ აყვავდეს მომავალში“.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ ომის დაწყებიდან ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა „არ დაეშვა რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი“.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ორ კვირაში ვადა გაუვა პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი მთელი ადმინისტრაციის, მათ შორის ბლინკენის, უფლებამოსილებებს. ბაიდენი 20 იანვარს დატოვებს თანამდებობას.

სრულად წაკითხვა