„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი სიბიჰასთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიამ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები შეკრიბა „ორგანიზაციისთვის პოლიტიკური და სტრატეგიული მიმართულებების მისაცემად“. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკამ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მონაკოს გადასცა, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სესიის მიმდინარე მოვლენებს შორის იყო 36 ქვეყნისა და ევროკავშირის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება. ინიციატივას საქართველო არ შეუერთდა. ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებს.
უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი სიბიჰასთან მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა „წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში. ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა „დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ანდრიი სიბიჰამ განაცხადა: „ჩვენ განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, კერძოდ, სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე“. მან დასძინა: „ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას“.
This post is also available in:

1 week ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·