ბჟანიამ კვლავ ისაუბრა აფხაზეთში „აგენტების კანონის“ მიღების აუცილებლობაზე

1 week ago 11

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 24 აპრილს აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია დეტალურად გაირკვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციების, რომლებიც ფინანსდებიან აფხაზეთისა [დე ფაქტო] და რუსეთის „მიმართ არამეგობრული ქვეყნებიდან“.

„ბევრ პროგრამას, რომელსაც UNDP ახორციელებს, აფინანსებს ამერიკის სამთავრობო სააგენტო USAID. ეს არის მათი მთავარი დონორი. ისინი უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი პროგრამებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობის პიკი ბელორუსიაშიც იყო. ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან რუსეთში ამ ორგანიზაციების საქმიანობა აკრძალულია. რა მიზეზით? იმ მიზეზით, რომ მათი საქმიანობა ყოველთვის არ არის გამჭვირვალე.

ასე მოქმედებენ განსაკუთრებით ჩვენზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიაჩნიათ, რომ რუსეთის გავლენა აფხაზეთზე უკიდურესად დამღუპველია და აუცილებელია ამ გავლენის შემცირება და რუსული გავლენის ნაცვლად აქ ანგლო-საქსების გავლენის გავრცელება,“ — განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში.

ბჟანიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია წარმოიდგინოს აფხაზეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარეშე”.

„თუ რუსეთი გვეხმარება სახელმწიფოს მშენებლობაში, რატომ არ გვეხმარებიან ეს სახელმწიფოები და რატომ გვიშლიან ხელს? რატომ ქმნიან პირობებს, რომ საქართველოს ნაწილი გავხდეთ? რატომ არ მუშაობენ ისინი იმ საკითხზე, რომ საქართველომ გვაღიაროს? თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლბას აღიარებს, ყველა საკითხი ავტომატურად მოიხსნება. ჩვენ მათთან დავამყარებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და უზრუნველვყოფთ გრძელვადიან მშვიდობას,“ — ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ასლან ბჟანიას თქმით, მიმდინარეობს იდეოლოგიური მუშაობა იმ ნაწილში, რომელიც ახალგაზრდებს ეხებათ. მისი თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობს, „მიზანმიმართულად დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები გაუარესდეს“.

„რუსეთის ფედერაციასთან ზოგიერთი ჩვენი პროექტებისა და საბუთების ბლოკირებაზე გარკვეულ აქციებს ატარებენ. ამიტომ, ამ მხრივ გარკვეული წესრიგის დამყარება გვსურს,“ — განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანია არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე საუბრისას იშველიებს იგივე ანტიდასავლურ არგუმენტებს, რა არგუმენტითაც მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთში.


მიმდინარე წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.

რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

ანალოგიური კანონის მიღებას აპირებს საქართველოს ხელისუფლებაც. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

სრულად წაკითხვა