'არ გეთანხმებით, ეს არ იყო კვარა V ტორინო' - კალცონა ბარსასთან მატჩამდე

1 month ago 879

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ნაპოლი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც იტალიელი, ისე ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

...რომელ ფეხბურთელს იხილავდა თავის გუნდში ბარსელონადან: "მომწონს ბარსელონას ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ ვერავის ავირჩევ, რადგან კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გუნდში მყავს".

...ლამინ იამალზე: "მას აქვს ის თვისებები, რაც საჭიროა მსოფლიოში საუკეთესოობისთვის, ეჭვგარეშეა. 17 წლისაა, მაგრამ ვეტერანივით თამაშობს. თუ გზაში არ დაიკარგება, შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს".

....ბოლო მატჩში იყო კვარა V ტორინო. იქნება თუ არა, ახლა ნაპოლი V ბარსა: "არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ვფიქრობ, ტორინოსთან გუნდურადაც შესანიშნავად ვითამაშეთ. ცხადია, რომ კვარაცხელიამაც დიდებული მატჩი ჩაატარა, მაგრამ ზოგადად ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, მოგება იყო. ძვირად დაგვიჯდა დაცვაში ერთი შეცდომა. ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, წლის მატჩია, მაგრამ სერია A-შიც უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. ამიტომ, მეოთხედფინალში გასვლა დამატებითი სტიმული უნდა იყოს".

კალცონამ ბარსასთან დუელს წლის მატჩი უწოდა

...არის თუ არა გუნდში შიში მატჩის წინ: "თუ გეშინია, თამაშზე არც უნდა გამოცხადდე. უნდა გქონდეს გამბედაობა, რომ დაუპირისპირდე ასეთ ძლიერ მეტოქეს. უნდა გვჯეროდეს, რომ ძლიერები ვართ, ნაპოლიმ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბარი პირობებით უნდა ითამაშოს და შეეცადოს გამარჯვებას".

...გუნდის მოტივაციის ამაღლებაზე: "განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება არ არის საჭირო, რათა გაიგო ამ მატჩის მნიშვნელობა. როგორც მატეომ თქვა, მოტივირება თავისთავად ხდება. ყველას არ აქვს შანსი ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურისთვის ასეთი მეტოქის წინააღმდეგ. ამიტომ, მოტივირებაზე დრო არ დამიხარჯავს, სხვა საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, სადაც ხარვეზები გვაქვს".

...შეიცვალა თუ არა, ნაპოლი მისი მისვლიდან დღემდე: "რა თქმა უნდა, შეიცვალა. ჩემი აზრით, გუნდი უფრო კომპაქტურია და საკუთარ კართან ნაკლებ მომენტს იღებს. ჩვენ უფრო მეტ მომენტს ვქმნით, ასე თუ ისე, საკმარისი რაოდენობის გოლებიც გაგვაქვს. თავს მაღლა აწეული დაცვით ვიცავთ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. არ მომწონს, როცა ჩემი გუნდი უკან მირბის. თუმცა, ეს ამ ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და სამ კვირაში დიდი ნაბიჯები გადაგდეს წინ. რასაკვირველია, ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი საიმისოდ, როგორც მე მინდა, რომ ვითამაშოთ".

...დე იონგის არყოფნაზე: "დე იონგი ძალიან მომწონს. თანამედროვე, ფიზიკური, ტექნიკური ფეხბურთელია, ყველაფერი აქვს. მისი დანაკლისი ბარსასთვის სერიოზულია, მაგრამ მათ ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და რა თქმა უნდა, მიიღებენ შესაბამის ზომებს მის შესაცვლელად".

პრესკონფერენციაზე კალცონასთან ერთად იყო ნაპოლის შემტევი ნახევარმცველი მატეო პოლიტანო, რომელმაც თქვა, რომ გუნდი მზადაა ბარსელონას დასამარცხებლად.

"ბარსელონა ტოპ გუნდია, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით, რაც ვნახეთ პირველ მატჩშიც, რომლის პირველ ტაიმში სირთულეები შეგვიქმნეს. ურთულესი თამაში იქნება. ბოლო მატჩებში ვახერხებთ ჩვენი ძლიერი მხარეების წარმოჩენას, ბურთის ფლობას და მაღალ პრესინგს. მეტოქეს ორი დღის განმავლობაში ვსწავლობდით და ხვალ ვეცდებით, ყველაფერი პრაქტიკაში გავაკეთოთ. დიახ, ვარჯიშის შემდეგ პენალტებზე ვივარჯიშეთ, რადგან შეიძლება ეს საჭირო გახდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მანამდე გავიმარჯვებთ. ნაპოლიმ თავისი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, უნდა ვეცადოთ, თავი მაღლა დავიცვათ, რადგან მათი შემტევი ძალიან ძლიერები არიან. ბარსას მცველებს შეიძლება სირთულეები ჰქონდეთ, თუ სიღრმიდან შევუტევთ ოსიმენის საშუალებით, შესაბამისად, საგოლე მომენტები ნამდვილად გვექნება და უნდა გამოვიყენოთ. მზად ვართ, ასე რომ არ იყოს, აქ არც ვიქნებოდით. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კლუბისთვის, ტიფოზებისთვის. არავის მოტივირება საჭირო არაა, ასეთი მატჩებისთვის მომზადება ავტომატურად ხდება, ვიცით, რომ 110%-ით უნდა დავიხარჯოთ", - აღნიშნა პოლიტანომ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ნაპოლის აქამდე 5-ჯერ შეხვდა და არასდროს დამარცხებულა (2 მოგება, 3 ფრე). ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა.

სრულად წაკითხვა