'ზრდა და იტალიური ფეხბურთის შეცნობა სჭირდება' - Tuttofrosinone კვერნაძეზე

3 weeks ago 15
  • იტალიური მედია ფროზინონეში იჯარით მყოფი ფეხბურთელის მომავალზე წერს
  • სერია A-ში დარჩენის შემთხვევაში, კლუბი 21 წლის ქართველს ალბათ არ დაიტოვებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის გიორგი კვერნაძის მომავალი ფროზინონეში ბუნდოვანია. 21 წლის ფეხბურთელს, რომელიც ფოთის კოლხეთს ეკუთვნის და იტალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და უცნობია, მოინდომებს თუ არა ფროზინონე სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტის გამოსყიდვას. 

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ თუკი ფროზინონე სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს, ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ მოინდომებს. ვითარება საპირისპირო შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ელიტაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, რისი ალბათობაც მაღალია. 

გიორგი კვერნაძე ფროზინონეს გასულ ზაფხულს შეუერთდა

"ფროზინონესთვის მომავალი თვენახევარი ცხელი იქნება. გუნდი ჩემპიონატის დარჩენილ შვიდ ტურში სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისა და ისტორიული შედეგის მიღწევისთვის იბრძოლებს. ამ დროისთვის ფროზინონე ცხრილში ბოლოდან მესამე პოზიციას იკავებს და მთავარი ბრძოლა წინ აქვს. ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს მომავლის და სატრანსფერო სტრატეგიის დაგეგმვაზე.

უპირველესად, გადასაწყვეტია იმ მოთამაშეების საკითხი, რომლებიც ფროზინონეში იჯარით გამოდიან. ზოგიერთ მათგანს აქვს გამოსყიდვის ოპცია და მათ შორისაა 2003 წელს დაბადებული გიორგი კვერნაძე. ქართველი, როელიც ზფხულში ფოთის კოლხეთი 1913-იდან მოვიდა, ამ სეზონში თავის გამოჩენა ჯერჯერობით ვერ შეძლო. დი ფრანჩესკომ ის სერია A-ში მოედანზე ხუთჯერ შეუშვა, სამჯერ კი თასის გათამაშებაში და ფეხბურთელს ჯამში სულ 189 წუთი აქვს ნათამაშები. სხვა მხრივ, მას მუდმივად იწვევენ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, როელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის. 

დი ფრანჩესკო იმდენად იშვიათად იყენებს კვერნაძეს, რომ ელიტაში დარჩენის შემთხვევაში, მის გამოსყიდვას არ უნდა ველოდოთ. კვერნაძეს ზრდა და იტალიური ფეხბურთის უკეთესად შეცნობა სჭირდება. ამ დროისთვის ისე ჩანს, რომ ფროზინონე, გადარჩენის შემთხვევაში, მის გამოსყიდვას არ შეეცდება. მაგრამ ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუკი გუნდი სერია B-ში დაქვეითდება", - წერს Tuttofrosinone.

წელს შემტევს მხოლოდ საქართველოს ნაკრებში აქვს ნათამაშები

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილ გუნდს სერია A-ში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 26 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, "უსაფრთხო", მე-17 ადგილზე მყოფ ვერონას კი სულ ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, ფროზინონე სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ეთამაშება. 

გიორგი კვერნაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისურით 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც ცოტა ხნის წინ სტუმრად გიბრალტართან შეხვედრაში გაიტანა (2:0).

სრულად წაკითხვა