ატლეტიკომ ბოლომდე ვერ გაძლო - ყველაფერი დორტმუნდში გაირკვევა

3 weeks ago 38
  • ატლეტიკო 2:1 დორტმუნდი 
  • მადრიდელებმა პირველი ტაიმი დე პაულის და ლინოს გოლებით მოიგეს 
  • დორტმუნდმა სხვაობა თამაშის მიწურულს სებასტიენ ალეს გოლით შეამცირა   

ატლეტიკოს, მას შემდეგ, რაც დიეგო სიმეონე წვრთნის, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში არასდროს წაუგია საშინაო მატჩი და ასე მოხდა ამჯერადაც (11 მოგება, 7 ფრე). მადრიდელებმა დორტმუნდს პირველ 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიშით 2:1 კი სძლიეს, მაგრამ საპასუხო დაპირისპირებაში, რომელიც "სიგნალ იდუნა პარკზე" 16 აპრილს გაიმართება, ეს ვერაფრის გარანტიას მისცემს.

"მეტროპოლიტანოზე" კი თამაში მასპინძელთა სრული დომინაციით წარიმართა და დიეგო სიმეონეს გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. ანგარიში თამაშის დასაწისშივე გაიხსნა. მადრიდელთა პრესინგმა შედეგი გამოიღო - გრეგორ კობელმა არცთუ გააზრებული გადაცემა გაუკეთა იან მაატსენს, რომელმაც თავის მხრივ ბურთის მარსელ ზაბიტცერისკენ მოშორება ერთი შეხებით სცადა, მაგრამ ის როდრიგო დე პაულმა ჩაჭრა და კარშიც გადაგზავნა - 1:0.

ნახევარი საათის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა, რასაც წინ სტუმართა მორიგი არადამაჯერებელი თამაში უძღოდა. ამ ეპიზოში გაიბრწყინა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც მაგარი პასით სამუელ ლინო მოამარაგა და ამ უკანასკნელმაც შანსი გოლად აქცია - 2:0.

ამის შემდეგ ატლეტიკო დამშვიდდა, სტუმრები კი გათამამდნენ და რამდენიმე იერიში განახორციელეს. ტაიმის მიწურულს დორტმუნდს სხვაობის შემცირების კარგი შანსი მას შემდეგ ჰქონდა, რაც იან მატსენმა საჯარიმოს გარედან იან ობლაკის კარის კუთხეში ძლიერად დაარტყა, მაგრამ სლოვენიელმა მეკარემ თავისი გუნდის გადარჩენა ნახტომში მაინც შეძლო.

ედინ ტერზიჩის გუნდი მეორე ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ რეალური მომენტის შექმნა ძალიან უჭირდა. 75-ე წუთზე შანსი ისევ ატლეტიკოს მიეცა. სამუელ ლინოს დუბლის შესასრულებლად სამი მეტრიდან ბურთის კარში გადაგზავნა მართებდა, მაგრამ ბრაზილიელმა კობელს ვერ აჯობა. 

ატლეტიკო ამის გამო დაისაჯა. მასპინძელთა დაცვის ხაზს გასაღები მალევე სებასტიენ ალემ მოუძებნა, რომელსაც ხელი ნაუელ მოლინას არცთუ საიმედო თამაშმაც შეუწყო - 2:1. შემდეგ კი იყო ჯეიმი ბაინო-გიტენსის დრიბლინგი და შორეული გასრულა, რამაც ობლაკის კარის ხარიხა შეაზანზარა.

კომპენსირებულ დროში ჯერ როდრიგო რიკელმეს შეეძლო გატანა, მაგრამ დარტყმა იმდენად სუსტი გამოუვიდა, კობელს მასთან გამკლავება არ გასჭირვებია. სულ ბოლო წამებზე კი ატლეტიკო მეორედ იხსნა ხარიხამ მას შემდეგ, რაც თავით ბოლო წამებზე იულიან ბრანდტმა დაარტყა.

ამ წყვილში გადაწყვეტილი არაფერია და ყველაფერი საპასუხო დაპირისპირებაში გაირკვევა.    

ატლეტიკო 2:1 დორტმუნდი 

გოლები: 1:0 დე პაული (4’), 2:0 ლინო (32’), 2:1 ალე (81')

ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი - ვიტსელი (90' სავიჩი), ხიმენესი, ასპილიკუეტა - მოლინა (90' ნიგესი), ლორენტე, კოკე, დე პაული (80' კორეა), ლინო (90' რიკელმე) - მორატა (64' ბარიოსი), გრიზმანი.

დორტმუნდი (4-2-3-1): კობელი - რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი - ზაბიტცერი (74' როისი), ემრე ჯანი (84' ეზჯანი) - სანჩო, ნმეჩა (46' ბრანდტი), ადეიემი (73' ბინო-გიტენსი) - ფიულკრუგი (60' ალე).

სრულად წაკითხვა