'ყველაფერი შესაძლებელია' - ოთარ კაკაბაძე თავის მომავალზე

3 weeks ago 17
  • ოთარ კაკაბაძეს კრაკოვიასთან კონტრაქტი 3 თვეში ეწურება
  • ქართველი ფეხბურთელის მომავალი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს

საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს მიმდინარე სეზონის ბოლოს კრაკოვიასთან კონტრაქტი ეწურება, შესაბამისად, ჯერ უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

იაგელონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოთარი ახალ მთავარ მწვრთნელ დავიდ კროშჩეკთან ერთად იყო, სადაც თავის მომავალზე დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩემს აგენტსა და კლუბს შორის. ვფიქრობ, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დავრჩე, კრაკოვიაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, 3 წელია აქ ვარ, ჩემი ოჯახით აქ ბედნიერია და ცხადია, რომ ყველაფერი შესაძლებელია".

კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთად ისაუბრა

ოთარმა ასევე ისაუბრა კლუბის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. კრაკოვიას 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სეზონის დარჩენილ ნაწილში ქულები აუცილებლად სჭირდება ეკსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად.

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ძველ მწვრთნელს. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, დიდი ხანია ახალ მწვრთნელთან ერთად არ ვმუშაობთ, მაგრამ ყოველ დღეს ვიყენებთ პრაქტიკაში სამუშაოდ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მოგება უნდა გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, შეიცვალა რაღაც დეტალები, მაგრამ იაგელონიასთან 3 ქულისთვის ვითამაშებთ და ვფიქრობთ, რომ მატჩისთვის მზად ვართ".

ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას 2021 წელს ესპანური ტენერიფედან შეუერთდა, მას შემდეგ კი, 69 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. 28 წლის ფეხბურთელს კარიერაში დინამო თბილისის, ხიმნასტიკის, ესბიერგის, ლუცერნის და ტენერიფეს რიგებშიც აქვს ნათამაშები.

სრულად წაკითხვა