'როცა აქედან წავალ' - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლსა და ნაპოლიზე

3 weeks ago 16
  • იტალიურმა სერია A-მ ნაპოლის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეორგოლი მოამზადა
  • 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ნეაპოლზე, კლუბსა და გულშემატკივრებზე საუბრობს 

იტალიურმა სერია A-მ ნაპოლის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ფეხბურთში თავის პირველ ნაბიჯებზე, ნეაპოლში ცხოვრებასა და გულშემატკივრების სიყვარულზე, სკუდეტოს მოგებასა და ასრულებულ ოცნებაზე საუბრობს.

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, თუმცა, უკვე იტალიაშიც ვგრძნობ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში, განსაკუთრებით კი ნეაპოლში - ქალაქში, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩანს, რომ აქ ყველას უყვარს ფეხბურთი. ასეთ რამეს ყველგან ვერ ნახავთ.

ეჭვგარეშეა, ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ნაპოლის გულშემატკივრები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ბურთით პირველი ნაბიჯები ქუჩაში გადავდგი და ეს ალბათ თამაშის ჩემს სტილსაც ეტყობა. ქუჩურ ფეხბურთში ბურთი მუდმივად ფეხებთან გაქვთ. ახლაც, დიდ მოედნებზეც მიყვარს ისე თამაში, როგორც ამას ქუჩაში ვაკეთებდი. სწორედ ქუჩამ აღმზარდა ფეხბურთელად. იქ ყოველთვის ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად, ვარჯიშის შემდეგად კი. 

ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი სერია A-ს მატჩებს და აღფრთოვანებული ვიყავი მცველების ოსტატობით. საქართველოში იტალიურ ფეხბურთი ყველასთვის მაღალი დონის დაცვასთან ასოცირდება.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რა თქმა უნდა, როდესაც ნაპოლის ფანები მას მადარებენ, ეს არასერიოზულია, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოცაა. ჩემთვის დიდი პატივია დიეგოს გუნდში თამაში და ვამაყობ იმით, რომ ლურჯ მაისურას ვატარებ. 

ნეაპოლელები და ქართველები ერთმანეთს არამხოლოდ ფეხბურთისადმი სიყვარულით ვგავართ. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ჩვენც მაქსიმალური შედეგის მიღწევას ვცდილობთ. მგონია, რომ ნეაპოლი და თბილისიც გვანან ერთმანეთს შთამბეჭდავი ხედებით.

ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. ვერ ვიჯერებდი, როცა ეს მართლა მოხდა. ეს დიდი მიღწევა იყო და იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია.

გულშემატკივრები მუდმივად მავსებენ მოტივაციით. როდესაც ხედავ მათ ენერგიასა და მოგების წყურვილს, გინდა, მათთვის გაიმარჯვო. მე მჭირდება ეს ენერგია. იუვენტუსთან მოგების შემდეგ ვიცოდით, რომ ერთ ნაბიჯში ვიყავით გამარჯვებასთან. ნეაპოლში დაბრუნებულებს მოზეიმე ქალაქი დაგვხვდა. ყველა ქუჩაში იყო.  ეს ალბათ საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხორებაში.

ნეაპოლში ბევრი რამ ვისწავლე, არამხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით, ასევე გავიცანი ხალხი და ქალაქი. როდესაც აქედან წასვლა მომიწევს, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ მომენატრება".

ხვიჩა კვარაცხელია წინა სეზონში ნაპოლის სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კვარამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 28 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა (2-ჯერ პენალტიც მოიპოვა), ხოლო ყველა ტურნირში მის აქტივში 39 შეხვედრაში 10 გოლი და 6 ასისტია.

ნაპოლიმ ბოლო ტურში სტუმრად მონცასთან მოპოვებული გამარჯვებით (4:2) 48 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, ფროზინონეს უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა