ზურაბიშვილის თქმით, მოლდოვამ უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გახსნა, „ალბათ ჩვენც შეგვიძლია"

4 weeks ago 393

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე შეხვედრა გამართა. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მიიწვია, რომლის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს არ წარუდგინა. შეხვედრის დაწყებისას, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე შეკითხვის დასმას არ აპირებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის გაადვილებისთვის. ზურაბიშვილის თქმით, პირველი, მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში და ამით პასუხისმგებლობას იხსნის.

მისი თქმით, მთელი პროცესი გადაჯაჭვულია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის. „თუ მუშაობის ერთობლივი სურვილი არ არსებობს, მერე შეიძლება, პინგ-პონგი მივიღოთ: „ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას". ეს უკვე დღეს გვესმის, სანამ დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მეორე საკითხი არის ის, რომ კანონი არსებობს - უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არიან, თუკი ერთ ქალაქში 50-ზე მეტი ცხოვრობს, უფლება აქვთ, მოითხოვონ და მათთვის გაიხსნას საარჩევნო უბანი.

„ამაზე კანონი არსებობს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ არ შეასრულებს", - შენიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, - "გვეუბნებიან, ხან რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ „პადიეზდში" არ გავხსნითო, ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, რა შეიძლება, გაკეთდეს. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც იყენებენ, ეს მოითხოვს პროცედურებს სხვა ქვეყნებთან, ეს მართალია, მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი“.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჰქონდა ელჩებთან შეხვედრა და ეს შეიძლება, მოგვარდეს. ყველა პარტნიორი ქვეყნის ელჩმა დახმარებაზე თანხმობა გამოთქვა, თუმცა, მისი თქმით, ამ თემაზე საგარეო უწყებას საელჩოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

პრეზიდენტმა გაიხსენა მოლდოვის მაგალითი, როდესაც მან უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გახსნა, „თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და ალბათ ჩვენც შეგვიძლია. რატომ ვამბობთ რომ ჩვენ ამის რესურსები არ გაგვაჩნია“.

პრეზიდენტმა თქვა, რომ წინა შეხვედრაზე ცესკოსგან მოისმინა, რომ დამატებითი უბნების გასახსნელად რესურსები არსებობს.

„არ არის საკმარისი, რომ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რომ დროზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც მოღვაწეობენ ან წვალობენ, მივცეთ ის საშუალება, რომელიც ეკუთვნის ყველა მოქალაქეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, პრეზიდენტს არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ „ის თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში".

სრულად წაკითხვა