აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ რუსეთის ინტერესების გატარების ბრალდებით სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის საქმე - მის მიერ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდების საქმე - არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის.
გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადატანის შესახებ 11 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ. შემდეგ ეტაპზე საქმეს სხვა მოსამართლე განიხილავს.
11 აგვისტოს სხდომაზევე მოსამართლე კალიჩენკომ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, თუმცა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს უარი უთხრა დასაკითხ პირთა სიაში ოთხი მოწმის შეყვანაზე. მათ მიერ ფარცხალაძის ადვოკატისთვის მიცემულ ჩვენებებს არ გაითვალისწინებენ.
ფარცხალაძე, - რომელიც, „ტვ პირველის“ ცნობით, რუსეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, - კვლავ რუსეთშია. მასზე თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული.
რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება
დაცვის მხარე ითხოვდა, დაუშვებლად ეცნოთ რუსეთის ორი მოქალაქის, როზა ნარცისოვასა და ილია მიკულსკის მიერ 2025 წლის ბოლოს მიცემული ჩვენებები ფარცხალაძის წინააღმდეგ. მათი ჩვენებები პროკურატურას აქვს საქმეზე დართული.
ეს მოთხოვნა ძმები მიქაძეების საქმის განხილვის დროსაც არსებობდა, - რადგან გავრცელდა ვიდეო, სადაც მიკულსკი რუსულ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვისას ამბობს, რომ საქართველოში „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის 3000 დოლარი გადაუხადეს.
თუმცა ეს გარემოება არც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაითვალისწინა 2026 წლის გაზაფხულზე, - მან თქვა, რომ ვიდეოს გავრცელებისას მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დასრულებული იყო და ეს ვიდეო სხდომათა დარბაზში არ გამოუკვლევიათ.
არც მამუკა ფიფიას ჩვენება მიიღეს
ფარცხალაძის მხარე ითხოვდა, საქმეს დართვოდა მათ მიერ რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსის, პრო-რუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საგარეო მდივნის, მამუკა ფიფიას გამოკითხვა.
ფიფია ამ ჩვენებაში ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძეს „ძალიან კარგად იცნობდა“ და „ზუსტად იცის“, რომ მას არ ჰქონია ბიზნეს-დავა ოთარ ფარცხალაძესთან.
ფიფიას წარსულში თავად აქვს დადასტურებული, რომ ოთარ ფარცხალაძის მეგობარია.
ვინ არის და რას ამბობდა უსოიანი
კიდევ ერთი ასეთი ჩვენება ეკუთვნოდა რუსეთში მცხოვრებ ირაკლი უსოიანს.
ის არის 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, ასლან უსოიანის - „დედ ჰასანის“ - შვილიშვილი.
- 2026 წლის 29 აპრილის სხდომაზე, - როდესაც სასამართლო ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებისა და ირაკლი ჯოხაძის ბრალდებას განიხილავდა ამავე მკვლელობის გარშემო, - პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის თავდაპირველ ინიციატორად და შემკვეთად ირაკლი უსოიანი დაასახელა;
- პროკურორმა ვეფხვაძემ სასამართლოს წარუდგინა სქემა, რომლის თავშიც ირაკლი უსოიანია გამოსახული, მის ქვეშ კი სამი ადამიანი - ძმები მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე იყვნენ გამოსახულნი.
- განსასჯელთა ადვოკატები ამბობდნენ, რომ პროკურატურა სასამართლოს უბიძგებდა, საკითხის გამოკვლევის შესაძლებლობის გარეშე დაესახელებინა უსოიანი დანაშაულის დამკვეთად.
- „იქნებ ეამაყება ადამიანს, რომ შური იძია [ბაბუის მკვლელობისთვის]? ჰკითხე, რა! ამის ნაცვლად უბრალოდ დასვეს სქემის სათავეში“, - განაცხადა სასამართლოზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ 29 აპრილს.
ფარცხალაძის ინტერესთა დამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირაკლი უსოიანი უარყოფდა კავშირს ჯანგველაძის მკვლელობასთან.
„ირაკლი უსოიანი ჩვენებაში ამბობს, ბაბუაჩემმა დაგვიბარა, თუ რამე მოგვივიდა პასუხი არავის მოკითხოთო, ამგვარი შინაარსისაა დანარჩენი გამოკითხვაც და შინაარსობრივ ნაწილში არაფრის მომცემი არაა“, - ამბობდა პროკურორი.
არგუმენტები - მოკლედ
„დაცვის მხარეს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები და წარადგინოს სასამართლოში“, - თქვა ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
„დაცვის მხარეს საკანონმდებლო დანაწესები აძლევს უფლებას, რომ ტერიტორიული პრინციპის შეუზღუდავად მოიპოვოს მასალები დამოუკიდებლად და წარადგინოს სასამართლოში“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „ადვოკატების ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არაფრის არც მტკიცებულება არის, არც არაფერს არ ამტკიცებს“.
თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მტკიცებულებები „უკანონოდ იყო მოპოვებული“, ამიტომ საქმეს საერთოდ არ უნდა დაერთოს.
„უცხოეთში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის სამართლებრივი დახმარება, - რასაც სახელმწიფო აწარმოებს, - და მეორე, სამართლებრივი დახმარების მიღმა მტკიცებულების მოპოვება, რასაც პროკურორის თანხმობა სჭირდება. ამიტომ ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები“, - განაცხადა პროკურორმა ვეფხვაძემ 10 აგვისტოს.
მოსამართლემ აქაც ბრალმდებლის პოზიცია გაიზიარა.
ჯანგველაძის საქმე
ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
მისი „განზრახ, შეკვეთით და ანგარებით“ მკვლელობის ბრალდებით 2025 წლის 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს, - თბილისელი „კრიმინალური ავტორიტეტის“, გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს.
უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა „კილერობას“ (ანუ შეკვეთით და ანგარებით მკვლელობას) - არა.
მკვლელობიდან ხუთ თვეში, 2025 წლის 12 აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ბიზნესმენი გიორგი მიქაძე. მის ძმას, დავით (დათუნა) მიქაძეს, ასევე გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. 2026 წლის 6 მაისს სამივე მათგანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
2025 წლის 29 დეკემბერს, მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად ოფიციალურად დაასახელეს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
ამის შემდეგ ფარცხალაძეს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს - მათ შორის ცნობილი „ქოლცენტრების საქმეზეც“.
ფარცხალაძემ 2026 წლის თებერვალში დაარღვია დუმილი და რუსულ მედიას უთხრა, რომ „დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე „უცხოელი პატრონების“ დავალებით შეკერეს“.
radiotavisupleba ახალი ამბები