WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს - მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს. სანქციები ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.

მამუკა ფიფია პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია. ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებს, რომ მან საქართველოს პოლიტიკოსების დელეგაციას უხელმძღვანელა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ლონდონი ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.

გიორგი ირემაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელია. ბრიტანეთის ცნობით, ისიც იმ დელეგაციაში იყო, რომელიც დონეცკში დენის პუშილინს შეხვდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე „სეზონი TV-ის“ დამფუძნებელი იყო, დღეისთვის პორტალი Taonews-ის ხელმძღვანელია. სანქციების დასაბუთებაში ასევე მითითებულია მისი მონაწილეობა დონეცკში გამართულ შეხვედრაში და ვიზიტის შემდგომი საჯარო გაშუქება.

პაატა აბულაძე ბრიტანეთის დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, რომელიც ასევე მონაწილეობდა დონეცკში ვიზიტში. აბულაძე თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დის ქმარი, ანუ სიძეა.

ალან გაგლოევი, რომელიც 2022-2026 წლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი იყო, ახლა ვლადიმირ პუტინის მრჩეველია. ბრიტანეთმა სანქციების მიზეზად რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა და პუტინის მრჩევლად მუშაობა მიუთითა.

მარატ კამბოლოვი 30 სექტემბრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტია. თუმცა ბრიტანეთის სანქციების დოკუმენტში მისი ცხინვალის თანამდებობა სანქციების საფუძვლად არ არის დასახელებული: ლონდონი მიუთითებს მის საქმიანობაზე კურჩატოვის ინსტიტუტში 2015-2025 წლებში და ამ გზით რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაზე.

2024 წელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. ლონდონის ცნობით, ის „მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის რღვევაში და მისდამი მუქარაში”.

საელჩოს განცხადება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ლონდონი „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციის გაგრძელება“, - აღნიშნავს საელჩო.

დიპლომატიური მისიის ცნობით, „დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით“.

„დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალა განალხდება