დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს არა საგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს.
სტივენ დაუთის და მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, 16 დეკემბერს შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როგორც ორი ქვეყნის მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე.
თუმცა თავად ბრიტანელმა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი არა საგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენია საუბრის შემდეგ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სტივენ დაუთი აცხადებს, დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს იმ პირების ანგარიშვალდებულების საკითხი, რომელიც საქართველოში ძალადობასა და უკანონო და თვითნებური დაკავებებზე არიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნების წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები.
დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი.”
Today I reiterated in the clearest terms to Georgian Dream representative @MakaB__ that police violence and arbitrary arrests in #Georgia are unacceptable.
The UK will consider all options to ensure those responsible are held accountable.
— Stephen Doughty MP (@SDoughtyMP) December 16, 2024
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, სუაბრისას მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა.
„გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.