WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა აღიარა, რომ 2 ნოემბერს, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარი ინციდენტის დროს, დაარღვია ენის შესახებ კანონი და ამის გამო ჯარიმას გადაიხდის.

7 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის საკითხებში რწმუნებულმა ელენა ივანოვსკაიამ განაცხადა, რომ „შედგა კომუნიკაცია ინციდენტში მონაწილე ყველა პირთან – მშვიდად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვით“.

"სამართლებრივი სახელმწიფო სწორედ იმით განსხვავდება ქაოსისგან, რომ შეცდომას აღიარებენ და კანონიერად ასწორებენ და არა სოციალურ ქსლებში ლინჩის წესით გასამართლებით“, – დაწერა ელენა ივანოვსკაიამ ფეისბუკზე.

ივანოვსკაიამ ასევე განაცხადა, რომ ბუდანოვმა სამართალდარღვევის ფაქტი აღიარა და არ უცდია თავის მართლება ან პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. ახლა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ვალდებულია, ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადოს.

ენის საკითხებში უკრაინის ომბუდსმენმა ცალკე ყურადღება გაამახვილა საზოგადოების რეაქციაზე. მისი თქმით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არ უნდა იქცეს საზოგადოებაში განხეთქილების ან სოციალურ ქსელებში მღელვარების მიზეზად.

„თითოეულ ჩვენგანს სტრესულ, ყოფით თუ ექსტრემალურ ვითარებაში შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ საზოგადოების სიმწიფე იმით იზომება, რამდენად შეუძლია მას ამის აღიარება და პასუხისმგებლობის აღება“, – აღნიშნა უკრაინის ენის საკითხების ომბუდსმენმა.

2026 წლის 2 ნოემბრის კიევის მახლობლად მდებარე დასახლებაში, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში დაწყებული არეულობის ფონად იქცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეუსაბამო პირობებში დაკავებული ჰყავდათ 40-მდე ადამიანი. გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ ადამიანებზე ძალადობდნენ. შეკრებილი ადამიანების ჯგუფმა სახლის ღობისა და ჭიშკრის შემტვრევა სცადა. შეკრებილები სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ. ინციდენტის ადგილზე მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალი ოლექსანდრ პივნენკო.

მოგვიანებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სახლში დროებით იყვნენ განთავსებული სამხედრო მოსამსახურეები და, რომ ისინი იქიდან მალე გადავიდოდნენ.

სიტუაციის კომენტირებისას კორპუსმა „აზოვმა“ განაცხადა, რომ შენობაში სამხედრო ნაწილებში განაწილების მოლოდინში მყოფი ის მობილიზებულები და სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ, „რომლებიც სამხედრო ნაწილიდან თვითნებურად წასვლის შემდეგ დააკავეს“.

3 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თავმჯდომარის მოადგილემ ივან რუდნიცკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა დაახლოებით ასი ადამიანი, რომლებიც 2 ნოემბერს კიევის მახლობლად, სოფელ პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარი შეტაკებების ადგილზე იმყოფებოდნენ და მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.