ბუდუ ზივზივაძე გერმანიის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა

1 day ago 4

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგიდან გერმანიის უმაღლეს დივიზიონში – პირველ ბუნდესლიგაში გადავიდა. ფეხბურთელმა კლუბ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა 2029 წლის 30 იანვრამდე. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

„კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა წლევანდელი სეზონის საშემოდგომო ეტაპზე 17 შეხვედრა ჩაატარა და  12 გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია, მის ანგარიშზეა, აგრეთვე, 3 საგოლე გადაცემაც. სულ კი „კარლსრუეს“ რიგებში მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 57 მატჩში ზივზივაძემ 25 გოლი გაიტანა.

უფრო ადრე ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბუდუს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გუნდები იწვევდნენ და მეტ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ფულს უფრო მაღალ დონეზე თავის დამკვიდრება და ბუნდესლიგაში თამაში ამჯობინა.

„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გუნდმა 15 შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ 3 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 11 წააგო, 18 გოლი გაიტანა და 33 თავის კარში მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუნდში აშკარად კრიზისია და ზივზივაძეზე დიდ იმედებს ამყარებენ.

„საკმაოდ დიდი ხანია ყურადღებით ვაკვირდებით „კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის განვითარებას, იგი გასულ სეზონში უკვე იყო გუნდის აბსოლუტური ლიდერი, შემდეგ კი, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი მონაცემები. ამიტომაც დარწმუნებულნი ვართ, რომ მას შეუძლია დაუყოვნებლივ დაეხმაროს ჩვენს გუნდს ბრძოლაში, რათა თავიდან ავიცილოთ ბუნდესლიგიდან გავარდნა“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.

ქართველი თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ბრძოლაში ბუნდესლიგაში დასარჩენად უახლოეს მომავალში ჩაერთვება – კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძე გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვარს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ „ტრასფერმარკტის“ შეფასებით (2024 წლის 19 დეკემბერს განახლებული მონაცემებით), 30 წლის ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 1,8 მლნ ევროა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰაიდენჰაიმმა“ „კარლსრუესგან“ იგი 1-1,5 მლნ ევროდ გამოისყიდა.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა