შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში შეტევა იყო ორ სატვირთო გემზე. ბულგარეთის მთავრობის ინფორმაციით, ერთი გემი ჩაიძირა. სოფიას ჯერჯერობით არ უთქვამს, ვინ დაესხა თავს ამ გემებს.
ინციდენტის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელთა საგანგებო სხდომა მოიწვია.
რადევის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის, ბულგარეთის ქალაქ ბიალადან დაახლოებით 70 მილის დაშორებით საზღვაო და საჰაერო უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ორ სატვირთო გემზე. ერთი, ტოგოს დროშით მცურავი გემი ჩაიძირა. ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მეორე გემი დაზიანებულია. ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ბულგარეთის სასაზღვრო და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გემის ეკიპაჟის წევრთა ევაკუაცია განახორციელეს. ორი მათგანი დაშავებულია.
გემის ეკიპაჟის 11 წევრი თურქეთის მოქალაქეა, 7- ინდოეთის. ბულგარეთის ხელისუფალთა ინფორმაციით, ხორბლით დატვირთული გემი სამხრეთისკენ მიემართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა მეორე, ჩაძირულ გემს.
პრემიერ-მინისტრმა რადევმა მომხდარს უწოდა სრულიად დაუშვებელი შეტევა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს. ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით უცნობია.
- შავ ზღვაში სატვირთო გემებს ხშირად უტევს რუსეთი. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.
radiotavisupleba ახალი ამბები