ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები: „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დემოკრატებს საქართველოში“

4 hours ago 1

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატებს და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ,“ ნათქვამია გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების სპიკერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება ყურადღებას ამახვილებს „პლურალისტური პროცესის“ აუცილებლობაზე, რომლის შედეგიც თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

განცხადება გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის გადაწყვეტილებას, „შეაჩეროს ძალისხმევის გაწევა ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რაც ეწინააღმდეგება მისსავე წინასაარჩევნო დაპირებებს“ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს. განცხადება ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული დემოკრატიის მისწრაფებების „მტკიცე მხარდაჭერას.”

განცხადებაში ხაზგასმულია: „ახლა საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.”

განცხადება აღნიშნავს, რომ „ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებით და რეფორმების ვალდებულებების შესრულებით [ევროკავშირთან] მიერთების პროცესის წინ წაწევის ნაცვლად, „ქართული ოცნება,“ სამწუხაროდ, მზარდ ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს ადგას.“

გერმანელი კანონმდებლები ასევე აღნიშნავენ დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების არაერთ განცხადებას 26 ოქტომბრის არჩევნების დროს „სერიოზული საარჩევნო ჩარევისა და მანიპულაციების შესახებ.“ განცხადების ხელმომწერები მიუთითებენ პოლიციის მიერ ძალადობისა და „არაჰუმანური მოპყრობის“ შემთხვევებზე საპროტესტო აქციების დაშლისას, ასევე რეპრესიების მზარდ რისკზე. ისინი აღნიშნავენ პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას. ხელმომწერები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას “იმ ქართველების უფლებების შეზღუდვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში მათი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, მოახდინოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ტორპედირება.”

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ,“ ნათქვამია განცხადებაში. „მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მათი დაკავებები. კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. ყველა ძალადობის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები სამართლიანად დასჯილნი.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა ევროკავშირის დონეზე მხარს უჭერს  მიზანმიმართულ სანქციებს ევროკავშირის დონეზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეროვნული დონეზე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკვე დაწესებულია ცხრა ძირითადი პასუხისმგებელი პირის მიმართ. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გამოცდას გადის და რომ მრავალი მხარდაჭერის ღონისძიება უკვე შეჩერებულია.”

განცხადების ხელმომწერები არიან: ულრიხ ლეხტე – გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი, იურგენ ჰარდტი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) საპარლამენტო ჯგუფების საგარეო პოლიტიკის სპიკერი, ნილს შმიდი – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი და დებორა დიურინგი – კავშირი 90/მწვანეების საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი.

გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და ამავდროულად გმობს ქვეყანაში გამოვლენილ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის პროცესის შეჩერებაზე დებატების დაწყებისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის „უფრო და უფრო ავტორიტარული პოლიტიკა“ ამ პროცესს საფრთხეს უქმნის. მინისტრმა თქვა, რომ გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად განიხილავს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის „ქართველი ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და მიზნობრივი სანქციების შემოღებას.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა