წარმოიდგინეთ, რომ სულ რაღაც ერთ დღეში შეგიძლიათ ყველაფერი გადატვირთოთ – თქვენი კარიერიდან დაწყებული, პირადი ურთიერთობებით დამთავრებული. სწორედ ასეთ შანსს გთავაზობთ მზის დაბნელება ქალწულში, რომელიც 21 სექტემბერს მოხდება (შემოდგომის ბუნიობის დღეს, ამიტომ ასტროლოგებმა მას „ბუნიობის მზის დაბნელება“ დაარქვეს; სხვათა შორის, 21 სექტემბერს დგება ახალმთვარეობა – 23:54 სთ-ზე თბილისის დროით) და დაბნელებების დერეფანს დაასრულებს. ეზოთერიკოსები ამ ასტრონომიულ მოვლენას კოსმოსურ გადატვირთვას უწოდებენ, ამიტომ მოემზადეთ ძველის გაშვებისთვის, ქაოსისგან თავის დაღწევისა და მომავალში ნაბიჯის გადადგმისთვის.
რა არის დაბნელებების დერეფანი ასტროლოგიაში?
დაბნელებების დერეფანი არის მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის პერიოდი, რომელიც დაახლოებით ორ კვირას გრძელდება. 2025 წლის შემოდგომაზე დაბნელების დერეფანი 7 სექტემბერს დაიწყო მთვარის სრული დაბნელებით და 21 სექტემბერს დასრულდება მზის ნაწილობრივი (80%) დაბნელებით (საქართველოდან არ გამოჩნდება).
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ დაბნელებების დერეფანი ჩვეულებრივი კოსმოსური მოვლენაა და ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე, თუმცა ასტროლოგებს სულ სხვა აზრი აქვთ. მათი თქმით, დაბნელებების დერეფნის დასრულება (ამჯერად 21 სექტემბერი) მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იქნება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
ასტროლოგიური პერსპექტივიდან, მთვარის დაბნელებები სიმბოლურად გამოხატავს დასრულებას, შეცნობას და ემოციურ განთავისუფლებას. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დაფარულ ჭეშმარიტებებს ავლენენ.
მზის დაბნელებები რაღაც ახლის დასაწყისს აღნიშნავს. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დროს სამყაროს ახალ გზაზე გავყავართ და გვაჩვენებს კარებებს, რომლებიც უნდა გაიხსნას.
როგორ მოქმედებს დაბნელებების დერეფანი ადამიანებზე?
ეზოთერიკოსთა აზრით, დაბნელებები უძველესი დროიდანვე უბედურებისა და ნეგატიური მოვლენების მაუწყებელი იყო, სწორედ ამიტომ, ადამიანები დაბნელებების დერეფნის დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთი ცხოვრებისა და გარემოს მიმართ, ასტროლოგიური შეხედულებების თანახმად, დაბნელებების დერეფანს ორმაგი ეფექტი აქვს: ერთი მხრივ, ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს ჩვეულებრივზე მეტი კონფლიქტი, უბედური შემთხვევა ან ინციდენტი; მეორე მხრივ, ეს დრო პიროვნული ზრდისა და ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასების შესაძლებლობებს იძლევა.
დაბნელებების დროს ადამიანის ემოციური მდგომარეობა ხშირად არასტაბილური ხდება – შეიძლება მოხდეს უსაფუძვლო შფოთვა, განწყობის უეცარი ცვალებადობა ან ენერგიის მოულოდნელი მოზღვავება. ითვლება, რომ ამ დროს ხდება კარმული მოვლენები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის მომავალზე. ასტროლოგები გვირჩევენ ყურადღების შენარჩუნებას: დადებითი ცვლილებების მადლიერებით მიღებას და სირთულეების აუცილებელ ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებებად აღქმას.
რაც შეეხება 2025 წლის 21 სექტემბრის მზის დაბნელებას ქალწულში, ეს მოვლენა ააქტიურებს განწმენდისა და ტრანსფორმაციის ენერგიებს: ის ხელს უწყობს წარსულის კარმული ტვირთისგან გათავისუფლებას, ცხოვრებისეული პრიორიტეტების თავიდან გააზრებას და პრაქტიკულობისა და ცნობიერების გზით ზრდის ახალი ციკლის საფუძვლის ჩაყრას.
როგორ იმოქმედებს 21 სექტემბრის მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?
ასტროლოგების თქმით, ქალწულში მზის დაბნელება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის განსხვავებულად გამოვლინდება. ქვემოთ მოცემულია ამ ციური მოვლენის ყველა ზოდიაქოს ნიშანზე ზემოქმედების დეტალური ანალიზი
ვერძი
ეს დაბნელება თქვენი ყოველდღიური ჩვევების ხელახლა შეფასებას მოიტანს. გაირკვევა, თუ სად იტვირთავთ ზედმეტად თავს და დიდ ენერგიას კარგავთ. ვერძისთვის მზის დაბნელება ფიზიკური და ემოციური გაჯანსაღების დროა. შესაძლებელია ახალ გრაფიკზე გადასვლა ან მოძველებული პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლება.
კურო
ეს მზის დაბნელება გარდამტეხი მომენტი იქნება თქვენს სასიყვარულო და შემოქმედებით ცხოვრებაში. იგრძნობთ, რომ ურთიერთობის ძველი სქემები აღარ მუშაობს და მზად იქნებით ან გააძლიეროთ თქვენი ურთიერთობები, ან საერთოდ გაწყვიტოთ. თქვენმა შემოქმედებითმა პროექტებმა შეიძლება ახალი იმპულსი შეიძინოს.
ტყუპი
ტყუპებისთვის ეს დაბნელება სახლისა და ოჯახის თემას გამოკვეთს. შეგიძლიათ დაკავდეთ საცხოვრებლის, სხვაგან გადასვლის საკითხებით ან თქვენს პირად სივრცეში ჰარმონიის აღდგენით. მნიშვნელოვანია, სხვების მოლოდინები საკუთარი მოთხოვნილებებისგან გამოაცალკევოთ და შექმნათ საყრდენი საკუთარი თავისთვის.
კირჩხიბი
ეს დაბნელება ცვლილებებს მოიტანს თქვენს კომუნიკაციაში – გამოვლინდება ახალი ინფორმაცია და გაჩნდება მნიშვნელოვანი კონტაქტები. შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ დიდი ხნის დავა, რომლის საბოლოოდ გადაჭრისგან ფეხს ითრევდით. მთავარია, გულწრფელად და პირდაპირ ისაუბროთ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
ლომი
თქვენთვის მზის დაბნელება თქვენი რესურსების ღირებულებას გამოკვეთს. გაიგებთ, თუ როგორ მართოთ ფული, დრო და ენერგია გონივრულად. დროა გადახედოთ თქვენს ხარჯებს და გააძლიეროთ საკუთარი ღირსების გრძნობა. ამ პერიოდში ლომები ნაბიჯს გადადგამენ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში უფრო მეტი სიცხადის შესატანად.
ქალწული
ეს დაბნელება განსაკუთრებულია ქალწულებისთვის, რადგან ის სწორედ მათ ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ეს ციური მოვლენა თქვენი პირადი მიზნებისა და ცხოვრების წესის გადატვირთვას გამოიწვევს. თქვენ მზად იქნებით, მოიხსნათ ძველი ნიღბები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, თუ როგორ გხედავენ სხვები.
სასწორი
მზის დაბნელება ახალ ხედვებსა და ტრანსფორმაციებს მოგიტანთ. ის გაიძულებთ, შეჩერდეთ, მოუსმინოთ საკუთარ თავს და უარი თქვათ არასაჭირო ვალდებულებებზე. სასწორები იგრძნობენ მარტოობის საჭიროებას, რათა გაიგონ, რა აფერხებს მათ წინსვლას.
მორიელი
დაბნელება პერსპექტივებისა და მეგობრობის თემებს გამოკვეთს. შეგიძლიათ ახლებურად შეხედოთ თქვენს გარემოს, დაასრულოთ უსარგებლო ურთიერთობები და დაიწყოთ უფრო პერსპექტიული ურთიერთობების განვითარება. ახლა კარგი დროა თქვენი გრძელვადიანი მიზნების გადაფასებისთვის.
მშვილდოსანი
ზეციურ ასპარეზზე მომხდარი მოვლენები გაიძულებთ, დაფიქრდეთ თქვენს კარიერასა და რეპუტაციაზე. შეიძლება გააცნობიეროთ, რომ თქვენი წინა მიზნები აღარ გაძლევთ შთაგონებას და გადაწყვიტოთ მიმართულების შეცვლა. შესაძლებელია ახალ სამუშაოზე გადასვლა, ახალი პასუხისმგებლობის აღება ან ძველი ეტაპის საბოლოოდ დასრულება.
თხის რქა
თქვენთვის ეს დაბნელება იქნება სტიმული საკუთარი ჰორიზონტის გაფართოებისთვის. იგრძნობთ სწავლის, მოგზაურობის ან ცხოვრებისეული შეხედულებების გადახედვის საჭიროებას. წინა შეზღუდვები ძალას დაკარგავს – დროა, ჩარჩოებს თავი დააღწიოთ და რისკზე წახვიდეთ. მიეცით საკუთარ თავს ახალი რამის შესწავლის საშუალება – იქნება ეს კურსები, მოგზაურობა თუ რაიმე არასტანდარტული პროექტი. ასე გააღებთ კარს იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ადრე მიუწვდომელი ჩანდა.
მერწყული
სექტემბრის დაბნელება გამოავლენს ყველაფერს, რაც ვალთან, სხვა ადამიანების ფულთან და ფინანსურ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა ძველი კრედიტის გასტუმრება, სესხის პირობების ხელახლა განხილვა ან თუნდაც მეგობრისთვის დიდი ხნის წინანდელი ვალის დაფარვა მოგიწიოთ. მოვიდა დრო, იმუშაოთ შიშების დამარცხებაზე, ნდობის განმტკიცებასა და მზადყოფნაზე, რომ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით.
თევზები
ამ პერიოდში შეიძლება გადახედოთ თქვენს როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობება. თქვენი გარემოცვის ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად დაუახლოვდებით, ზოგი კი, პირიქით, დაგშორდებათ. ახლა დროა, მიიღოთ გულწრფელი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვინ არის ნამდვილად თქვენ გვერდით და ვისთან შეგიძლიათ მომავალი ააგოთ.
თამთა გურული